თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. ქვეყანაში ახალი შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული 80-ზე მეტი შემთხვევა ცირკულირებს, თუმცა, შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, ქვეყანაში ახალი შტამების გავრცელება მოსალოდნელი იყო, მათ შორის უფრო მეტად გავრცელებული ე.წ. ბრიტანული შტამია.
„სხვადასხვა შეფასებითი მაჩვენებლით, მათ შორის ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მაჩვენებლებით, დღეს ბრიტანული შტამის ცირუკულაცია ვირუსის საერთო ცირკულირების 20-30%-ს შეადგენს", - განაცხადა გამყრელიძემ.
დიდ ბრიტანეთში კორონავირუს SARS-CoV-2-ის ახალი შტამი 2020 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს. მოგვიანებით ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აღნიშნული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდებოდა და მოსახლეობის მიერ საკარანტინო ზომების მკაცრად დაცვას მოითხოვდა.
გამყრელიძემ მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისა და კოვიდ–რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან საქართველოში დაფიქსირებულია 285 ათასზე მეტი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 275 ათასზე მეტი პაციენტი, 3 840 ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.