„ენგურჰესის“ ადმინისტრაცია: მდინარეში წყლის მაღალი დონე უხვი ნალექის შედეგია

ქართველმა მაშველებმა „ენგურჰესთან“ ახლოს, ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონასთან ჯერ სამი, ხოლო მოგვიანებით მეოთხე ცხედარიც იპოვეს
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. ენგურის წყლის დონის მატება უხვი ნალექის შედეგია და არა „ენგურჰესის“ კაშხლიდან წყლის გაშვების, ნათქვამია ჰიდროელექტროსადგურის ადმინისტრაციის განცხადებაში.

განცხადება მდინარეში უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით გაკეთდა – ქართველმა მაშველებმა „ენგურჰესთან“ ახლოს, ზუგდიდი რაიონის სოფელ შამგონასთან სამი ცხედარი იპოვეს. გაგრძელდა მეოთხე ადამიანის ძებნა და ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ იპოვეს მეოთხე ადამიანის ცხედარიც.

ენგურის ნაპირზე სამი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით, ეს ადამიანები გალის რაიონიდან ზუგდიდში გადმოსვლას ცდილობდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ 31 მარტიდან ენგურჰესიდან წყლის გაშვების პროცესი რეგულარულად მიმდინარეობს, მისი რაოდენობა დადგენილ ნორმაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და არ შეეძლო გამოეწვია მდინარისა და მისი შენაკადების მნიშვნელოვანი მატება. მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ განსაკუთრებით მოიმატა ბოლო დღეებში უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ჰესის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ „ენგურჰესთან“ ახლოს მცხოვრები მოსახლეობა მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იღებს ინფორმაციას კაშხლიდან წყლის გამოშვების შესახებ.