თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ოპოზიციურ პარტია „გირჩთან“ მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი–გირჩი“ სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ბოლო დრომდე ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა და დეპუტატის მანდატებზე უარის თქმას არ აპირებდა.
„ჩვენ ყოველთვის ღია ვართ მოლაპარაკებებისა და გონივრული კომპრომისის მიღწევისთვის. ამიტომაც ჩვენ კარი ყოველთვის ღიაა. ამის დასტურია მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა იმ ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ახლა პარლამენტში არიან წარმოდგენილი. თუ სხვა პარტიებსაც ექნებათ ანალოგიური სურვილი, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ვაჭრობის საგნად არ უნდა იქცეს – არის საკითხები, რომელთა მიმართებითაც შეიძლება შეთანხმება, აღნიშნა დეპუტატმა.
„რაც შეეხება მათ მოთხოვნებს, საარჩევნო ბარიერის დაწევაზე საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია და ეს ის თემაა, რაზეც საუბარი ყოველთვის შეიძლება. ოქროს შუალედი უნდა დავიჭიროთ, როცა მცირე პარტიებს უფლებას ვაძლევთ პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილი. ამავე დროს უნდა იყოს გონივრული საარჩევნო ბარიერი, რომელიც განსაზღვრულია ევროპული პარლამენტარიზმის გამოცდილებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ოპოზიციის ბოიკოტი დესტრუქციული იყო და უკვე ნათელია, რომ ეს პროცესი აუცილებლად უნდა დასრულდეს, განაცხადა პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
„ჩვენ, ფაქტობრივად, ჩიხში ვიმყოფებით. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე დასრულდება. ვფიქრობ, რომ მაქსიმუმ რამდენიმე კვირის შემდეგ ეს ისტერია დასრულდება, რადგანაც ამ რეჟიმში გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ... ადრე თუ გვიან ის პარტიები, რომლებიც ადრინდელ ტაქტიკას შეინარჩუნებენ, ამომრჩევლის თვალში ყველაზე მეტად დაზარალდებიან“, – განაცხადა რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან.
დღეისთვის პარლამენტის სხდომებზე ოპოზიციურ ფრთას „მოქალაქეები“ და „ევროპული სოციალისტები“ წარმოადგენენ.
დანარჩენი პარტიები ამ დრომდე არ აღიარებენ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და უარს აცხადებენ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე.