გარდაცვლილი მედდის ოჯახის ადვოკატები საქმის მასალებს გაეცნენ: ადვოკატის განცხადება

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახი საქმის მასალებს გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე შეუფერხებლად გაეცნობა.
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. პროკურატურის მიერ გადმოცემული საქმის მასალებით შესაძლებელია თანმიმდევრულობის დადგენა, თუ რამდენად სწორად არის სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახული კლინიკაში ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციები, განაცხადა გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა. 

გარდაცვლილი მედდის ოჯახის ადვოკატებს პროკურატურამ საქმის მასალები გადასცა

გარდაცვლილი მედდის ოჯახის ადვოკატებს პროკურატურამ საქმის მასალები გასულ კვირაში სრულად გადასცა. მათი თქმით, ზემდგომმა პროკურორმა 31 მარტს გააუქმა მანამდე არსებული დადგენილება, რომლის მიხედვითაც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს საქმის მასალების გაცნობა და ასლების გადაცემა ეზღუდებოდა. პროკურატურის მტკიცებით, ოჯახს მასალებზე წვდომა მათი შესაძლო გასაჯაროების, მოწმეებზე ზემოქმედების, მათი დაშინების, ნივთმტკიცებების განადგურების, ყალბი მტკიცებულებების შექმნის და საგამოძიებო პროცესის ხელშეშლის გამოწვევის მიზნით ჰქონდა შეზღუდული.

ბარამაშვილის განცხადებით, მეგი ბაქრაძის ვაქცინაციამდე სამედიცინო ისტორიამ გარკვეული ვარაუდების გამორიცხვა შესაძლებელი გახადა.

„გადმოგვეცა საქმის მასალები, რაც მოიცავს მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს. საქმის მასალების შესწავლისას გამოიკვეთა რამდენიმე დეტალი. მართალია, გარკვეული მოწმეები დაიკითხნენ, მაგრამ ჩვენ მიერ შეთავაზებული კითხვები არ იყო გამოყენებული. თუმცა, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი რეგულირების სააგენტოსა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებია“, – განაცხადა ვახტანგ ბარამაშვილმა. 
რისგან გარდაიცვალა მედდა? ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ არის ცნობილი

27 წლის მედდა AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ, 19 მარტს თბილისში გარდაიცვალა. მას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა. წინასწარი ინფორმაციით, ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. გარდაცვლილის ოჯახი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზების დადგენას ცდილობს.

გარდაცვლილი ექთნის ოჯახი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციამდე ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადოდ შემოწმება არ მომხდარა. ისინი მედდის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის ჩართვასაც ითხოვენ. ადვოკატებმა ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-ს ოფიციალური წერილით უკვე მიმართეს.

18 მარტს მეგი ბაქრაძეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზევე, ახალციხეში ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო იგი ჯერ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 116-ე მუხლით აღძრა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.