საქართველომ შოკოლადის მიმართ დამატებითი მოთხოვნები დააწესა

პროდუქცია, რომელიც ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, მაგრამ გასაყიდად დოკუმენტის ძალაში შესვლამდე იქნება გამოტანილი, დახლებზე ვადის გასვლამდე დარჩება.
Sputnik

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი „ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ“, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

რეგლამენტი სამინისტროში მომზადდა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და ბიზნეს-ოპერატორებთან აქტიური თანამშრომლობით. დოკუმენტი ძალაში 2023 წლის 1 ივლისს შევა.

ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნეს-ოპერატორის მიერ კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და ბაზარზე განთავსების პირობებს. 

რას ვჭამთ: დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორცის მაღაზიები დაკეტეს

პროექტში განსაზღვრულია რეგულირების ობიექტები (კაკაოს ცხიმი, კაკაოს ფხვნილი, კაკაო, შოკოლადის ნაირსახეობები, შოკოლადის სხვა პროდუქტები) და მოთხოვნები კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების დასახელებების მიმართ. რეგლამენტი არეგულირებს მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შემადგენლობის მიმართ.

კაკაოსა და შოკოლადის ის პროდუქტები, რომელიც არ შეესაბამება რეგლამენტში განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ უკვე იყიდება, დახლებზე სურსათის ვარგისიანობის ვადის გასვლამდე დარჩება, მაგრამ არაუმეტეს 2024 წლის 1 იანვრამდე.

სამინისტროს ცნობით, ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ბაზარზე კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობების შექმნას და შიდა ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით უკვე შემუშავებულია დარგობრივი ტექნიკური რეგლამენტები: სპირტიანი სასმელების შესახებ, ბიოწარმოების შესახებ, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ, ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ, თხილის შესახებ, თაფლის შესახებ, ხორბლის ფქვილის შესახებ, ხილის წვენის და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტების  შესახებ.