თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ძალოსნებმა წარუმატებლად დაიწყეს ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში, რომელიც მოსკოვში მიმდინარეობს.
55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამართულ შეჯიბრებაში გიორგი დოკვაძემ ექვსიდან მხოლოდ ორი მცდელობა განახორციელა და А ჯგუფში ბოლოსწინა, მეშვიდე ადგილი დაიკავა.
პირველ მცდელობაზე ატაცში დოკვაძემ 105 კგ-იანი შტანგა აწია, მაგრამ ორი შემდგომი მისვლა (108 და 109 კგ) წარუმატებელი აღმოჩნდა. ანალოგიური სიტუაცია აკვრაშიც მოხდა. ის გაუმკლავდა 124 კგ წონას, მაგრამ 129 კგ-იანი შტანგა ქართველ სპორტსმენს არ დაემორჩილა.
ამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა ანგელ რუსევი ბულგარეთიდან, რომელმაც ჯამში 259 კგ დააგროვა (111 კგ ატაცში და 147კგ - აკვრაში).
დღესვე ფიცარნაგზე გამოვა საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წარმომადგენელი. შოთა მიშველიძე და რამინ შამილიშვილი თავის ძალებს მოსინჯავენ 61 კგ-მდე წონით კატეგორიაში.
ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ტურნირში მონაწილეობს ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, მსოფლიო მრავალგზის რეკორდსმენი - ლაშა ტალახაძე.