ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო საავტომობილო მიმოსვლა ორმხრივად ჩაიკეტა

გზის გაწმენდამდე პოლიცია უზრუნველყოფს საავტომობილო მოძრაობის გადართვას შიდა სასოფლო გრუნტოვან გზაზე.
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზაზე კლდის ჩამოშლის გამო საგზაო მიმოსვლა ორმხრივად ჩაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ზუგდიდი–მესტიის გზაზე კლდოვანი მასა ჩამოწვა

კერძოდ, აღნიშნული საავტომობილო გზის 105-ე და 106-ე კილომეტრებს შორის მონაკვეთზე ჩამოიშალა დიდი მოცულობის კლდე. ჯერჯერობით საგზაო მიმოსვლა ორმხრივად დაკეტილია, მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება.

როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩიკვაიძემ განაცხადა, ტერიტორიის სრულფასოვანი გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება.

„აღნიშნული მონაკვეთი იქნება დაკეტილი. კლდოვანი მასის მცირე ნაწილი, როგორც ვიზუალური დაკვირვებით ჩანს, ჩამოდის ისევ, ამიტომ ამის დასრულების შემდეგ დაიწყება სრული გაწმენდითი სამუშაოები. იქამდე პოლიცია უზრუნველყოფს მოძრაობის გადართვას შიდა სასოფლო გრუნტოვან გზაზე“, - განაცხადა ჩიკვაიძემ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმოსვლა შესაძლებელია შარდომეთი-ახალი ჩორდი-ზუდალის გავლით.