თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. თანამედროვე ქართული ლიტერატურის კლასიკოსს, გურამ დოჩანაშვილს, მისი ანდერძის თანახმად, საბურთალოს სასაფლაოზე, მისი შვილთან ახლოს დაკრძალავენ. ამის შესახებ „პირველ არხი“ თბილისის მერიის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ინფორმაციით, გურამ დოჩანაშვილის ოჯახს შესთავაზეს, მწერალი მთაწმინდის პანთეონში დაეკრძალათ, თუმცა ოჯახმა მისი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა მწერლის ოჯახს პრემიერ-მინისტრის აპარატმაც შესთავაზა.
გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში, 3 აპრილს გარდაიცვალა. მწერალი „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
გურამ დოჩანაშვილი თანამედროვე ქართული პროზის ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. დაიბადა 1939 წელს. მკითხველისთვის ცნობილია მისი ნაწარმოებები – „სამოსელი პირველი", „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები", „ხორუმი ქართული ცეკვაა" და სხვ.
გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.