ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ზუგდიდის ოთხ სოფელში პოლიციის საკონტროლო პუნქტები მოეწყო

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ თავყრილობებისგან და მაქსიმალურად დაიცვან ყველა რეგულაცია.
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი  – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ზუგდიდის რამდენიმე სოფელში პოლიციის საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, საკონტროლო პუნქტები მოეწყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭყონაგორასა და ჩოჩხათში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

არსებული ინფორმაციით, გურიის რეგიონში დასახელებულ სოფლებში სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნული პუნქტების ტერიტორიაზე საველე კარვები ააწყვეს.

„პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ. სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას ვირუსის გავრცელების აღმოსაფხვრელად მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ სათანადო ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან“, –  ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 580-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 283.369-ს მიაღწია.