„15 კილოგრამი დაიკლო“: გოგი წულაიამ შიმშილობა შეწყვიტა

წულაია ძალადობის ფაქტს უარყოფს და მიიჩნევს, რომ პროვოკაცია მოუწყვეს, რაც მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება.
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ შიმშილობა შეწყვიტა, ამის შესახებ „რუსთავი 2-ს" ბრალდებულის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განუცხადა.

რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ წულაია შიმშილობის ფონზე შეუძლოდ გახდა და ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიტიკოსი კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. გელბახიანის განცხადებით, 13-დღიანი შიმშილობის შემდეგ წულაიას მდგომარეობა მძიმე იყო და მან საერთო ჯამში 15 კილოგრამი დაიკლო. 

„შიმშილობა შეწყვიტა და წვნიანი მიიღო. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ რთულია და პოლიტიკოსი სერიოზულ რეაბილიტაციას საჭიროებს“, - განაცხადა გელბახიანმა.

გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 მარტს გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა. პოლიციამ გოგი წულაია დაზარალებულის ჩვენებების საფუძველზე 17 მარტს დააკავა. გამოძიების ვერსიით, წულაიამ თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში თავის ნაცნობ 42 წლის ქალზე იძალადა.

თავად წულაია, რომელიც ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხმაურიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, ძალადობის ფაქტს უარყოფს და მიიჩნევს, რომ პროვოკაცია მოუწყვეს, რაც მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება.

თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა მოგვიანებით წულაიას ბრალი დაუმძიმდა და მას ბრალდება სსკ-ის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც „ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას“ გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.