საპატრიარქო მღვდელმონაზონ ანდრია სარიას განკვეთას გეგმავს

ბოლო პერიოდში მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ საპატრიარქოსა და მღვდელმსახურების მიმართ კვლავ არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა, აღნიშნავენ საპატრიარქოში
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის შეფასებით, მამა ანდრია სარია მღვდელმსახურებიდან განკვეთას ექვემდებარება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს.

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მსახურება აუკრძალეს

დღეს მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომა შედგა, სადაც მამა ანდრია სარიას საკითხი და მისი ბოლოდროინდელი საჯარო განცხადებები განიხილეს.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მამა ანდრია სარია მღვდელმსახურებიდან იმავე ქმედებების გამო უნდა განიკვეთოს, რის გამოც მას უკვე აკრძალული აქვს მღვდელმსახურება.

„მღვდელმონაზონ ანდრია სარიას განემარტა, რომ მისი ქცევა  ექვემდებარება მღვდელმსახურებიდან განკვეთას. დასკვნას მიიღებს კომისია, რომელიც რეაგირებისთვის პატრიარქს გადაეცემა“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

თავად ანდრია სარიამ კი  იმედი გამოთქვა, რომ კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია.

„მღვდელი, რომელიც ამბობს ზიარება კორონავირუსს კლავსო, მავნებელია...“ - მამა ანდრია

„არ იყო იქ ძალიან დაძაბული განწყობა. ჩემი მხრიდან მათთვისაც მიუღებელი იყო და მათი არგუმენტები ჩემთვისაც ცოტათი შეუწყნარებელი, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რაღაც კონსენსუსამდე მივალთ“, - განაცხადა სარიამ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება 2020 წლის იანვრის ბოლოს აეკრძალა.  ბრძანებაში წერია, რომ გაფრთხილების მიუხედავად, მღვდელმონაზონი მასმედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.