გარდაცვლილი მედდის ოჯახის ადვოკატებს პროკურატურა საქმის მასალებს დღეს გადასცემს

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახი საქმის მასალებს გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე შეუფერხებლად გაეცნობა.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. ახალციხეში ჩატარებული ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატებს პროკურატურა საქმის მასალებს, სავარაუდოდ, დღეს გადასცემს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2". 

ლევან რატიანმა მეგი ბაქრაძის გარდაცვალების დეტალებზე ისაუბრა

27 წლის მედდა AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ, 19 მარტს თბილისში გარდაიცვალა. მას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა. წინასწარი ინფორმაციით, ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. გარდაცვლილის ოჯახი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზების დადგენას მოითხოვს. 

ოჯახის ადვოკატების ინფორმაციით, ზემდგომმა პროკურორმა 31 მარტს გააუქმა მანამდე არსებული დადგენილება, რომლის მიხედვითაც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს საქმის მასალების გაცნობა და ასლების გადაცემა ეზღუდებოდა. პროკურატურის მტკიცებით, ოჯახს მასალებზე წვდომა მათი შესაძლო გასაჯაროების, მოწმეებზე ზემოქმედების, მათი დაშინების, ნივთმტკიცებების განადგურების, ყალბი მტკიცებულებების შექმნის და საგამოძიებო პროცესის ხელშეშლის გამოწვევის მიზნით ჰქონდა შეზღუდული.

ადვოკატები მიესალმნენ აღნიშნული დადგენილების გაუქმებას, მათი განცხადებით, საქმის მასალები ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად შექმნის სრულ სურათს იმისთვის, რომ დადგინდეს გარდაცვალების რეალური მიზეზი. 

რისგან გარდაიცვალა მედდა? ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ არის ცნობილი

გარდაცვლილი ექთნის ოჯახი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციამდე ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადოდ შემოწმება არ მომხდარა. ისინი მედდის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის ჩართვასაც ითხოვენ. ადვოკატებმა ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-ს ოფიციალური წერილით უკვე მიმართეს.

18 მარტს მეგი ბაქრაძეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზევე, ახალციხეში ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო იგი ჯერ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 116-ე მუხლით აღძრა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.