„სტუმართმოყვარეობა მთელი თავისი ხიბლით“ - პოზნერის სტუმრობამ სოცქსელი ააფეთქა

საქართველოს დედაქალაქში ჟურნალისტ ვლადიმირ პოზნერის ვიზიტმა სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის  თბილისში ჩამოსვლის გამო აგორებული სკანდალი ქართულ სოციალურ ქსელებში მთავარ განსახილველ თემად იქცა.

პოზნერი თბილისში გუშინ ჩამოვიდა, თუმცა, აქტივისტების საპროტესტო აქციების გამო იძულებული გახდა ქვეყანა დაგეგმილზე ადრე დაეტოვებინა. დემონსტრანტებისთვის ასევე მიუღებელი იყო პოზნერის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით ადრე გაკეთებული განცხადებები. მიუხედავად იმისა, რომ პოზნერისთვის ეს თავისი დაბადების დღის თბილისში აღნიშვნის უკვე მესამე შემთხვევა იყო, ასეთი „თბილი დახვედრა“ მას პირველად მოუწყვეს. 

ინციდენტი პოზნერთან დაკავშირებით – კრემლის რეაქცია

ინტერნეტ–სივრცის ქართველი მომხმარებლების აზრები გაიყო: ნაწილი წერს, რომ ქართველი აქტივისტების მსგავსი დამოკიდებულება ხანდაზმული ადამიანის მიმართ მიუღებელია, მეორე ნაწილი კი ოპოზიციის პროტესტს მხარს უჭერს.

„ხალხს ჭკუა არ აქვს. ყოველ ჯერზე მიკვირს. ცხვრის ფარასავით - ერთმა თქვა და ყველა გაიქცა. მტერიც რომ იყოს, გახსოვთ, რას გვასწავლიდნენ ჩვენი წინაპრები?! შეხვდი მტერს, როგორც ძვირფას სტუმარს. სირცხვილია, სიტყვები არ მყოფნის, სირცხვილია“, - აღშფოთებულია კარინა ცინცაძე.

„რას წერთ!!! საერთოდ წარმოგიდგენიათ ვინ არის ეს ადამიანი??? ასეთი გამოხდომების შემდეგ საქართველოს მეგობრები არ დარჩება. მშვიდობით მოსულ მტერსაც სტუმარივით მასპინძლობდნენ, აქ კი ჩამოვიდა მეგობარი - საქართველოს მეგობარი. კი ბატონო, გამოთქვა აზრი 10 წლის წინ... რომ აფხაზეთი საქართველო აღარ იქნება. უფლება აქვს, თავისი შეხედულება ჰქონდეს. ეკამათეთ მას აფხაზეთის პერსპექტივაზე დისკუსიის ფორმატის ფარგლებში, მაგრამ ადამიანს ჭამა და ძილი არ აცადო - ეს დანაშაულია. პოლიტიკოსია? რამე ქმედება განუხორციელებია საქართველოს წინააღმდეგ??? ადამიანი მთელი ცხოვრება მშვიდობის მხარდამჭერია! როგორ არ გრცხვენიათ, ქართველები კი არა ნეანდერტალელები იყვნენ აქციაზე, მათი სახეები ნახეთ - ვერ მოუნელებიათ არჩევნების შედეგები და მარცხი“, - აღშფოთებულია ლილიანა ენუქიძე

საქართველოს შსს პოზნერისა და მისი სტუმრებისთვის გამოწერილი ჯარიმების ქვითრებს აქვეყნებს

„სამარცხვინოები, ვითომ პატრიოტები, ყველა სკამისთვის და კარგი ადგილისთვის იბრძვის. აი, ასე შეიძლება ხვალ მოექცნენ ნებისმიერ ქართველს რუსეთში, ყველას გამოაძევებენ. ერთი წუთით მაინც თუ დაფიქრებულხართ, რა შეიძლება მათ დაემართოთ იქ? თქვენი ბოღმა და სიძულვილი სულ უფრო ღრმავდება არა მარტო რუსეთის მიმართ, ძმა ძმას ვერ იტანს, ეს კი ყველაზე საშიშია“, - წერს Zhana Zhaniko.

სოციალური ქსელის მრავალი მომხმარებელი პოზნერს აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ვერ პატიობს.

„ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი, რასაკვირველია, პატივსაცემი ადამიანია, მაგრამ უნდა დაფიქრდე, რას ლაპარაკობ და რა წყენა შეიძლება მოუტანოს შენმა სიტყვებმა ხალხს“, - აცხადებს ოლეგ ზობოვი.

„და აქ რატომ ჩამოვიდა, თანაც თავის დაბადების დღეზე, სხვაგან ვერსად წავიდა? გადაწყვიტა საქართველოსთვის ნერვები მოეშალა? რას ელოდა, რომ ხელგაშლილები შეეგებებოდნენ?“ - წერს ალა კოხანოვა.

შეწუხებული არიან ტურისტული სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც რუსი მოგზაურების ჩამოსვლით მოგებას ელოდნენ.

„ყოველივე ეს კვლავ საქართველოს წინააღმდეგ იქნება. იტყვიან, რუსებისთვის იქ საშიშია, თვითმფრინავები არ დაფრინავენ, ახლა საზღვარსაც ჩაკეტავენ. მორიგი პროვოკაციაა“, - წერს მარინა პეტრენკო

სკანდალი პოზნერთან დაკავშირებით: რა რეაქცია ჰქონდათ რუსეთის სათათბიროში პროტესტზე თბილისში

„აქ ნამდვილად პროვოკაციაა ტურისტული სეზონის წინ. სხვათა შორის, წერდნენ, რომ იგი უკვე ზედიზედ მესამე წელია, თავის დაბადების დღეს საქართველოში აღნიშნავს. წინა ორი ჩამოსვლის დროს რატომ იყო სიჩუმე? იქნებ ასე არ იყო ანონსირებული მისი ჩამოსვლა? ვის დასჭირდა ახლა ამ შოუს დადგმა?“ - კითხვას სვამს მარიანა ხადური.

ზოგიერთი მომხმარებელი აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა კორონავირუსის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები დაარღვიეს.

„მან და მისმა სტუმრებმა დაარღვიეს მთელი რიგი რეგულაციები, რომლებიც ვრცელდება ყველა მოქალაქეზე და „დედაქალაქის სტუმარზე“. აქ არ შეიძლება იყოს გამონაკლისები. ჩვენთან 21:00 საათიდან მოქმედებს კომენდანტის საათი, რესტორნებს 21:00 საათის შემდეგ მუშაობის უფლება არ აქვთ და საერთოდაც ასეთი სახალხო 50–კაციანი თავყრილობაც აკრძალულია“, - ამბობს Ira Petriashvili

პოზნერმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

თუმცა, აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც პოზნერი დაიცვა და გააკრიტიკა აქტივისტები, რომლებმაც ასევე დაარღვიეს 21:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

„მართლაც რომ – სტუმართმოყვარეობა მთელი თავისი ხიბლით. მთელი ღამე სასტუმროს წინ იდგნენ, რითაც თავადაც დაარღვიეს კომენდანტის საათი. მომიტინგეები დააჯარიმეს? კვერცხები დაუშინეს... ზეთიც გადაესხათ ბარემ. შემდეგ კი წუწუნებენ, რომ პროდუქტები გაძვირდა. როგორც ჩანს, მომიტინგეებს ყველაფერი არც ისე ცუდად აქვთ. ადამიანს დაბადების დღე ჩააშხამეს“, - აღშფოთებულია ლარისა გობაჩოვა.

პოზნერმა თბილისი ხუთშაბათს დილით დატოვა. უკვე ცნობილია, რომ ჟურნალისტი 87 წლის იუბილეს მოსკოვში აღნიშნავს.