საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები მოხდა

ცნობილმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. არ არის გამორიცხული, რომ ის საადვოკატო საქმიანობას დაუბრუნდეს
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის ადმინისტრაციაში ცვლილება განახორციელა - საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე თამარ ტყეშელაშვილი დაინიშნა, ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.

ზურაბიშვილი: მხარეებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი სამომავლო პროგრესისთვის კარგი საფუძველია

ტყეშელაშვილის წინამორბედი დიმიტრი გაბუნია საპარლამენტო მდივნის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

თამარ ტყეშელაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტი და არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2017-2018 წლებში თამარ ტყეშელაშვილი იყო კავკასიის სამართლის სკოლის (კავკასიის უნივერსიტეტი) მოწვეული ლექტორი. 2016-2019 წლებში იყო პრემიერ-მინისტრთან არსებული ინვესტორთა საბჭოს სამუშაო ჯგუფების წევრი.

2020 წლის სექტემბრიდან თამარ ტყეშელაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში.

ფლობს ინგლისურ, რუსულ და უკრაინულ ენებს.