„საქართველოში არავის დავუჯარიმებივარ“ – პოზნერი განცხადებას ავრცელებს

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ პოზნერი და მისი თანმხლები 31 პირი „კომენდანტის საათის“ დარღვევის გამო დაჯარიმდნენ.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საკარანტინო ზომების დარღვევისთვის თბილისში არავის დავუჯარიმებივარ, განუცხადა რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმირ პოზნერმა სააგენტო РИА Новости-ს.

შსს-მ რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი​ და ​​მისი თანმხლები 31 პირი დააჯარიმა

მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში დაბადების დღის გადასახდელად ჩამოსული პოზნერი და მისი თანმხლები პირები „კომენდანტის საათის“ დარღვევის გამო დაჯარიმდნენ. გარდა ამისა, 10 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა რესტორან „ვინოტელსაც“, სადაც ჟურნალისტი და მისი სტუმრები ვახშმობდნენ.

ვლადიმირ პოზნერი თბილისში 31 მარტს ჩამოვიდა, რათა 1 აპრილს დაბადების დღე აღენიშნა. მას 87 წელი უსრულდება. პოზნერს თან 50-მდე მეგობარი და კოლეგა ახლდა, რომლებთან ერთადაც 3 აპრილამდე გეგმავდა საქართველოში დარჩენას. თუმცა ქვეყნის დატოვება დაგეგმილზე ადრე მოუხდა.

აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტი აფხაზეთთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების გამო გააპროტესტეს.

პრემიერი: პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში კანონის სრული დაცვით შემოვიდნენ

საპროტესტო აქცია თავიდან რესტორან „ვინოტელთან“ გაიმართა, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად ვახშმობდა. აქციის მონაწილეებმა შრომის ინსპექციას აცნობეს, რომ რესტორანმა, პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველოში მოქმედი „კომენდანტის საათი“ დაარღვიეს. საბოლოოდ ვახშამი ჩაიშალა.

სტუმრებმა „ვინოტელი“ პოლიციის დახმარებით დატოვეს და სასტუმრო Rooms Hotel-ში გადაინაცვლეს. თუმცა აქციის მონაწილეებმა სასტუმროს შენობას კვერცხები დაუშინეს და არასასურველ სტუმრებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს. ვლადიმირ პოზნერი და მისი თანმხლები პირები პოლიციის დაცვით გაემგზავრნენ აეროპორტში და ამ დილით გაფრინდნენ რუსეთში.