ყვითელი ამბები

„ამაზე პოლემიკაც სირცხვილია...“ – ნანი ბრეგვაძე და ეკა მამალაძე საჯაროდ აიცრებიან

მომღერალი ეკა მამალაძე აცხადებს, რომ ძალიან სწყდება გული, როდესაც ვაქცინაციაზე უარს ექიმები ამბობენ და მაგალითს არ აძლევენ საზოგადოებას.
Sputnik

მომღერალი ეკა მამალაძე და ნანი ბრეგვაძე მალე ვაქცინას გაიკეთებენ. ამის შესახებ ეკა მამალაძემ „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში ისაუბრა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“.

„ძალიან მოკლე დროში გვეცოდინება ზუსტი თარიღი, რომ სახალხოდ ავიცრათ. ეს არის აუცილებელი, ამაზე პოლემიკაც სირცხვილია. ძალიან გული მწყდება, რომ ექიმები თავს იკავებენ, რა უნდა მოვთხოვოთ ჩვეულებრივ ადამიანებს”, – აღნიშნა ეკა მამალაძემ.

საქართველოში 5 აპრილიდან ვაქცინაციის პროცესში სამართალდამცველები და სამხედრო მოსამსახურეები ჩაერთვებიან. ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, საქართველოში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. თუმცა, დაბალი მიმართვიანობის გამო, 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ.

უკავშირდება თუ არა ექიმის გარდაცვალება ვაქცინაციას – მინისტრის განმარტება

31 მარტს ცნობილი გახდა, რომ ვაქცინაციის პროცესში 5 აპრილიდან ასევე ჩაერთვებიან 55 წლის ზემოთ მოქალაქეებიც. საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს (43,2 ათასი დოზა) ვაქცინით დაიწყო, რომელიც ქვეყანაში 13 მარტს შემოვიდა. პრეპარატ Pfizer-ით (29,5 ათასი დოზა) ვაქცინაციის პროცესი კი 30 მარტს დაიწყო და ამ პრეპარატით მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში მიმდინარეობს.

დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსზე 6.757 ადამიანი აიცრა. 14 აპრილამდე ვაქცინაციისთვის დარეგისტრირებულია 14.224 ადამიანი. აქედან 3.609 სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, 10.615 – 65 წელს ზემოთ მოქალაქე.

ამასთან, მისი განცხადებით, 10.046 ადამიანი დარეგისტრირებულია Pfizer-ის ვაქცინაზე, ხოლო 4.138 – AstraZeneca-ს ვაქცინაზე. აქტიურობა შეიმჩნევა თბილისში, რეგიონებში კი – ნაკლებად, აღნიშნა გამყრელიძემ.