კორონავირუსის პირველი ტალღის შედეგები: სტატისტიკა

კვლევამ აჩვენა, თუ როგორ შემცირდა საქართველოს მოქალაქეთა შემოსავლები კორონავირუსის პირველი ტალღის დროს, რამდენმა დაკარგა სამსახური, როგორ იცავდნენ ისინი თავს ვირუსისგან.
Sputnik

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოში ოჯახების ნახევარზე მეტს კორონავირუსის პირველი ტალღის გამო შემოსავლები შეუმცირდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ კვლევაში.

კორონავირუსის პირველი ტალღა 2020 წლის მარტზე მოდის. მაშინ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ქვეყანა 10 მაისამდე, ფაქტობრივად, კარანტინის რეჟიმში ცხოვრობდა.

დაზუსტდა 2020 წელს საქართველოში ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი

კვლევის თანახმად, კორონავირუსის პირველი ტალღის პერიოდში სამსახური, კომპანიის ან ბიზნესის დახურვის გამო, კვლევაში მონაწილეთა 31,9%-მა დაკარგა. კიდევ 23,2%-მა შემოსავალი პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირების გამო დაკარგა.

ამასთან, კვლევის მონაწილეთა 15,8%-მა დახურა თავისი ბიზნესი, 7%-ს შეუმცირდა ხელფასი, ხოლო 6,9%-ს – სამუშაო საათები.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ კორონავირუსის პირველი ტალღის დროს კვლევაში მონაწილეთა 80,6%-მა სახელმწიფოსგან მიიღო სუბსიდია ელექტროენერგიაზე, 72,7%-მა – გაზზე, ხოლო 40,4%-მა – დახმარება ბავშვებზე. გამოკითხულთა 32,3%-მა გამოიყენა კრედიტის გადავადება.

როგორც იცავდნენ თავს კორონავირუსისგან

კვლევაში მონაწილეების განცხადებით, მათთვის კორონავირუსის შესახებ სიახლეების მთავარი წყარო ტელევიზია იყო. ქალაქებში ტელევიზია მთავარ წყაროდ დაასახელა 89,8%-მა, ხოლო სოფლებში – 95,3%-მა.

მეორე ადგილზეა ინტერნეტი, საიდანაც ინფორმაციას იღებდა ქალაქის მოსახლეობის 44,5% და სოფლის მოსახლეობის 24,5%.

როგორია საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღის დაწყების ალბათობა

მესამე ადგილზე აღმოჩნდა სოციალური ქსელები, მეოთხეზე – მეგობრები და ახლობლები, ხოლო მეხუთეზე – ტექსტური შეტყობინებები.

მონაწილეთა 93,3%-მა განაცხადა, რომ ატარებდა პირბადეს, როგორც კორონავირუსისგან დაცვის მთავარ საშუალებას. მეორე ადგილზე აღმოჩნდა ხელის დაბანა. ხელს უფრო ხშირად იბანდა 75,2%, ხალხმრავალ ადგილებს ერიდებოდა 74,2%, დისტანციის დაცვა დაიწყო 36,6%-მა, ხოლო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნივთებზე ხელის მოკიდებას თავს არიდებდა მხოლოდ 20,7%.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ქალები შედარებით უფრო ფრთხილობდნენ, ვიდრე მამაკაცები.

ბიძინა კულუმბეგოვი: კორონავირუსის მესამე ტალღა თბილ პერიოდს დაემთხვევა>>

კვლევაში მონაწილეობდა 2.118 ოჯახი. აქედან ქალაქების მცხოვრებია 966 ოჯახი, ხოლო სოფლის – 1.122 ოჯახი.