ჯანმოს გამოძიების ხარისხი საეჭვოა: განცხადებას 14 ქვეყანა აწერს ხელს

მანამდე ჯანმოს ექსპერტებმა ქვეყნებს შესასწავლად გადასცეს მოხსენება, რომელიც კორონავირუსის წარმოშობის გამოძიების შედეგებს ასახავს
Sputnik

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. მსოფლიოს 14 სახელმწიფოს, აშშ–ის ჩათვლით, ეჭვი ეპარება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოძიების ხარისხში ახალი კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით,  იუწყება გამოცემა Deutsche Welle.

აშშ დეტალურად სწავლობს ჯანმოს მოხსენებას კორონავირუსის წარმოშობის შესახებ

ჯანმოს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მოხსენებაში, რომელიც 29 მარტს გამოქვეყნდა ჟენევაში, აღინიშნება, რომ ვირუსი სავარაუდოდ ბუნებრივად წარმოიშვა და ის ადამიანს ღამურიდან სხვა შუალედური ცხოველის გავლით გადაედო. თუმცა იქვე ხაზგასმულია, რომ ვირუსის ბუნებრივი წარმომავლობისა და ასევე ის საკითხი, რომ  SARS-CoV-2 ჩინეთის ფარგლებს გარეთ უჰანში მის პირველ შემთხვევამდეც ცირკულირებდა, შემდგომი კვლევების ჩატარებას მოითხოვს.

ამასთან ექსპერტები „უკიდურესად ნაკლებსარწმუნოდ“ მიიჩნევენ უჰანის ბიოლაბორატორიიდან ვირუსის გამოღწევის შესაძლებლობას.

როგორც აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი „SARS-CoV-2–ის პირველწყაროს ძებნის საერთაშორისო ჯგუფის მუშაობა მნიშვნელოვნად დაყოვნდა, ექსპერტებს არ ჰქონდათ წვდომა სრულ ინფორმაციასა და შეგროვებულ ნიმუშებზე“, რაც შეშფოთებას იწვევს. აღნიშნულ განცხადებას, აშშ–ის გარდა, ხელი მოაწერეს: ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ, ისრაელმა, კანადამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნორვეგიამ, სლოვენიამ, ჩეხეთმა, სამხრეთ კორეამ, ესტონეთმა და იაპონიამ.

„დეზინფორმაციის კამპანიის გაგრძელება“: პომპეო ჯანმოს მოხსენებას აკრიტიკებს

განცხადებაში ქვეყნები ხაზს უსვამენ, რომ ისინი მხარს უჭერენ ვირუსის წარმოშობის საკითხში გამჭვირვალობასა და დამოუკიდებელ ანალიზს, რომელიც თავისუფალი იქნება ჩარევისა და არაკეთილსინდისიერი გავლენისგან.

საერთაშორისო ექსპერტების დაყოვნებისა და მუშაობის გვიან დაწყების, ასევე მანამდე აღებულ სინჯებზე შეზღუდული წვდონის თაობაზე წუხილი გამოთქვეს ევროკავშირშიც. თუმცა იქ მაინც მიესალმნენ ჯანმოს მოხსენებას და განაცხადეს, რომ ეს „პირველი სასარგებლო ნაბიჯია“.

მანამდე თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯანმოს ექსპერტების მოხსენებას აშშ–ის სამთავრობო სტრუქტურების საუკეთესო ექსპერტები დეტალურად სწავლობენ, და რომ ვაშინგტონი ანალიზის დასრულების შემდეგ   გამოაცხადებს, რა სამომავლო ნაბიჯების გადადგმას აპირებს ჯანმოს მოხსენებაში წარმოდგენილი მონაცემების მიმართ.