კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა AstraZeneca-ს ვაქცინით საჯაროდ აიცრა

ქართველი კინორეჟისორი შეუერთდა ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებულ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც 100 ცნობილი სახე საჯაროდ აიცრება.
Sputnik

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. ქართველმა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ კორონავირუსის საწინააღდეგო აცრა გაიკეთა.

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე Pfizer-ის ვაქცინით აიცრა

საზოგადოებაში ვაქცინის სანდოობის გაზრდის მიზნით 100 ცნობილი ადამიანი აიცრება. ამავე მიზნით საქართველოში საჯაროდ ჩაიტარა ვაქცინაცია რამდენიმე ქართველმა პოლიტიკოსმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, მათ შორის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, კინორეჟისორმა და სცენარისტმა ლანა ღოღობერიძემ და სხვ.

ცნობილი კინორეჟისორი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აიცრა. ხაინდრავამ განაცხადა, რომ აცრის შემდეგ თავს კარგად გრძნობს და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„ყველა მონაცემით ეს არის საუკეთესო წამალი, რომელიც დღეს მოგონილია ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ. ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრას. განსაკუთრებით ჩემი ასაკის ხალხი. არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იმის დაშვება, რაც ჩვენ გვესმის ვაქცინების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca–ს პრეპარატით,  30 მარტიდან კი Pfizer–ით დაიწყო. ამ ეტაპზე  მოქალაქეებს ამ ორ ვაქცინას შორის არჩევნის გაკეთება შეუძლიათ. აღნიშნულ პრეპარატებს მალე ჩინური წარმოების 100 ათასი დოზა ვაქცინა დაემატება. ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მის ჩასატარებლად საჭიროა რეგისტრაციის გავლა ვებ-გვერდზე ან დარეკვა ტელეფონის ნომერზე 15–22.