კრისტიან დანიელსონის შეუსრულებელი მისია

ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ზუსტად 30 წლისთავს დაემთხვა ის მოვლენა, რასაც ევროკომისრის მიერ წარმოგზავნილი ქრისტიან დანიელსონის მიერ გამართული მედიაციის მეორე რაუნდის ჩავარდნა მოჰყვა.
Sputnik

მართალია, ზოგიერთი პოლიტიკოსი ფეისბუქზე ქარდებს დებს, მედიაცია შედეგის მიღწევამდე უნდა გავაგრძელოთო, მაგრამ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ელემენტარულ შეთანხმებაზე უფრო სერიოზული დიდი ბრიტანეთის ელჩის შეფასებაა, რომელმაც ამ მოვლენას ხელიდან გაშვებული შანსი უწოდა, რომელიც სერიოზულად იმოქმედებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესზე.

დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში ბევრი შეუსრულებელი 5 და 6-პუნქტიანი გეგმები გვინახავს. ვნახეთ არა მარტო შეუსრულებელი, არამედ საერთოდ უარყოფილი გეგმაც, მაგრამ მთავარი კითხვა აქ მაინც ისაა - საით მიდის პროცესები.

საკონსტიტუციო ცვლილებები ვადამდელი არჩევნების ნაცვლად?

ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, რადიკალიზაციისკენ. ანუ რადგან ევროკავშირის მედიაციით შედეგი ვერ დადგა, რადგან ხელისუფლება კომპომისზე, ხოლო ოპოზიცია - პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ პროცესებმა ისევ ქუჩაში გადაინაცვლოს. აკი გამოეხმაურა კიდეც დღეს ამ მოვლენას ყოფილი პრემიერი გახარია და ფბ-ზე დაწერა, რადიკალიზაცია კარგს არაფერს მოგვიტანსო. ძნელია, არ დაეთანხმო მას.

მეორეს მხრივ, ჟურნალისტი ელისო კილაძე ვარაუდობს, რომ ერთ თვეში აშშ და ევროკავშირი იტყვიან, რომ საჭიროა ვადამდელი არჩევნები და ის დაინიშნება კიდეც. აქ უკვე ძნელი სათქმელია, ეს ასე მოხდება თუ არა. მთავარი ახლა ისაა, რამდენი ადამიანის გამოყვანას შეძლებს ოპოზიცია გარეთ 15 მაისს, როდესაც ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე დაანონსებულია გაერთიანებული ოპოზიციის აქცია, რომლის ორგანიზატორებს, თუ წყაროებს ვენდობით, სურს, 26 მაისის აღლუმი ჩაშალონ და მაისის ბოლომდე გააგრძელონ რუსთაველზე აქციები, თუ უფრო მეტხანს არა.

უნდობლობის ვოტუმი, ანუ რას აპირებს ოპოზიცია

პოლიტიკური დაძაბულობისა და მოლაპარაკებების პარალელურად კი ლარი უსაშველოდ გარბის, კორონა ისევ გვიტევს და ჩაკეტვით გვემუქრება, პურის გაძვირება უკვე სავარაუდოა და ქვეყნის საგარეო ვალმა 20 მილიარდს გადააჭარბა...

პირველი ვიზიტის დასასრულს სწორედ ეს თქვა ბატონმა დანიელსონმა, იმედი მქონდა, მთავრობა და ოპოზიცია შეთანხმებას, კინკლაობის დასრულებას და პარლამენტში მუშაობის გაგრძელებას შეძლებდნენ და უფრო სერიოზულ პრობლემებს შეეჭიდებოდნენ, მაგალითად, კოვიდ-19-ს და სოციალურ პრობლემებსო, მაგრამ აკი ჩაუტარეს კიდეც ქართველმა პოლიტიკოსებმა ევროპელ დიპლომატს ქართული გაკვეთილები.

შედგება თუ არა მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის?

სხვათა შორის, მგონი, მეორე კლასში ისწავლება ქართულ ენასა და ლიტერატურაში „ჯიუტი თხები“, რომლის ფინალი ასეთია, რომ ხიდზე მოჭიდავე თხები ბოლოს მდინარეში აღმოჩნდებიან. მაგრამ რადგან ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ისევ ჩვენი ბედკრული ქვეყნის შვილები არიან, შეუძლებელია, მათ ჯიუტი თხების ბედი უსურვო. უბრალოდ, იმედია, რომ მედიაცია მართლაც გაგრძელდება და პოლიტიკური ცხოვრება ასე თუ ისე ნორმალურ კალაპოტში ჩადგება, რადგან კაცობრიობას გაცილებით დიდი და სერიოზული პრობლემები აქვს გადასაჭრელი, ვიდრე ბოკერიას პარლამენტში, ხოლო რურუას - თავისუფლებაზე ყოფნის საკითხებია.