აშშ დეტალურად სწავლობს ჯანმოს მოხსენებას კორონავირუსის წარმოშობის შესახებ

ჯანმომ უჰანში საერთაშორისო სპეციალისტების ვიზიტის შედეგად მომზადებული მოხსენება, რომლის გამოქვეყნებაც ჯერ ნებადართული არ არის, შესასწავლად ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს გადასცა.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. აშშ-ის სხვადასხვა უწყებების სპეციალისტები სწავლობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენებას ახალი ტიპის კორონავირუსის წარმოშობის შესახებ, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ ბრიფინგზე.

CDC-ის ყოფილი უფროსის ვერსია: COVID-19 ჩინურ ლაბორატორიაში გაჩნდა

აღნიშნული მოხსენება ჯანმოს საერთაშორისო სპეციალისტების უჰანში სამუშაო ვიზიტის საფუძველზეა შედგენილი. ექსპერტებმა კორონავირუსი SARS-CoV-2-ის წარმოშობის თაობაზე ოთხი ძირითადი ჰიპოთეზა დაასახელეს, რომლის თანახმადაც ვირუსის გადაცემა ღამურიდან ადამიანზე შუალედური რგოლის — ოთხიდან ერთ-ერთი ცხოველის მეშვეობით მოხდა. ამასთან მკვლევარებს ეჭვი შეაქვთ ახალი ტიპის კორონავირუსის ხელოვნურ წარმოშობასა და მისი უჰანის ლაბორატორიიდან გავრცელებაში.   

„მოხსენება, რომელსაც ჯერ ემბარგო აქვს (გამოქვეყნებული არ არის, — რედ.), ახლა ამერიკელი ექსპერტების ხელშია სამთავრობო სტრუქტურებიდან. <...> ჩვენ ამ მოხსენებას დეტალურად და სწრაფად შევისწავლით. ამაზე ჩვენი მთავრობის საუკეთესო სპეციალისტები მუშაობენ“, — განაცხადა პსაკიმ.

ამასთან ერთად თეთრი სახლის პრეს-მდივანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კვლევის დასრულების შემდეგ გამოაცხადებს, რა სამომავლო ნაბიჯების გადადგმას აპირებს ჯანმოს მოხსენებაში წარმოდგენილი მონაცემების მიმართ.

მანამდე, იმავე დღეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩჟაო ლიცზიანმა აშშ-ს ბრალი დასდო, რომ ის ზეწოლას ახდენს ჯანმოზე და ასევე ახალი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ მოხსენების ავტორებზე. მისი თქმით, ჩინეთისთვის მიუღებელია აშშ-ის უსასრულო ბრალდებები და ქვეყნის რეპუტაციის შელახვის მცდელობები.