თბილისი, 29 მარტი – Sputnik. დღეიდან სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ზურაბ ჯაველიძე უხელმძღვანელებს, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
თავდაცვის ძალებს ქართული „დელტას“ წარმოების ჯავშანმანქანები გადაეცა>>
ახალი დირექტორი თანამშრომლებს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ წარუდგინა.
მინისტრმა ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებულ და ასევე უკვე რეალიზებულ პროექტებზე.
ბურჭულაძის განცხადებით, „დელტაში“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი წარმოება მალე დაიწყება.
რაც შეეხება „დელტას“ ყოფილ დირექტორს ზურაბ აზარაშვილს, ის ამჟამად თავდაცვის მინისტრის მოადგილეა.
ზურაბ ჯაველიძის შესახებ ცნობილია, რომ ის პროფესიით ენერგეტიკოსია, ასევე არის საბანკო საქმის სპეციალისტი. „დელტას“ დირექტორად დანიშვნამდე ის შპს „კავკასენერგოს" გენერალური დირექტორი იყო.
„დელტას“ ისტორია მე-20 საუკუნის 60-იან წლებში იწყება. დღევანდელი სახით სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი 2010 წლიდან არსებობს. ის აერთიანებს ექვს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და თბილისის საავიაციო ქარხანას. არის თავდაცვის სამინისტროს კონტროლის ქვეშ.
„წარმოებულია საქართველოში“ – ქართველი სამხედროები ადგილობრივ პროდუქციას ჩაიცვამენ>>
„დელტა“ აწარმოებს ჯავშანმანქანებს, ნაღმმტყორცნებს, უნივერსალურ საბრძოლო მოდულებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, პისტოლეტებს, შაშხანებს, ჯავშანჟილეტებსა და სხვ. სამხედრო ცენტრს თავისი პროდუქცია უკვე გააქვს ექსპორტზე საზღვარგარეთ. გარდა ამისა, საავიაციო ქარხნის ბაზაზე მიმდინარეობს თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მოდერნიზაცია. ასევე არსებობს საწარმო „დელტა ტექსტილი“, სადაც სამხედრო ფორმებს კერავენ.