„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნად შალვა პაპუაშვილი დაინიშნა

დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც რამდენიმე საკითხი განიხილეს.
Sputnik

თბილისი, 27  მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, იურისტი შალვა პაპუაშვილი იქნება, ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მცდელობა №2: საქართველოში კრისტიან დანიელსონს ელოდებიან

აღნიშნულ პოზიციაზე პაპუაშვილის მოვალეობა საზოგადოებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაცია იქნება.

„რამდენიმე საკითხი განვიხილეთ. პირველი საკითხი იყო ახალი მდივნის თანამდებობა, რომელზეც გადაწყვეტილება მიიღო პოლიტსაბჭომ. მინდა გაცნობოთ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი იქნება შალვა პაპუაშვილი, რომელსაც აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის კარგი გამოცდილება“, - განაცხადა მდინარაძემ.

შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა. ის, ასევე, არის ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. მუშაობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილედ და  იყო ამავე ორგანიზაციის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.