თბილისი, 27 მარტი – Sputnik. ესპანეთის ნაკრების ვარჯიშს თბილისში „დინამო-არენაზე“ ორი ინციდენტი მოყვა.
იმ დროს, როდესაც ესპანელი ფეხბურთელები „დინამო-არენას“ მოედანზე სავარჯიშოდ გავიდნენ, გაზონზე რამდენიმე ფანატი გავარდა. სტადიონის დაცვის წარმომადგენლებმა გარკვეული დროის შემდეგ „შეიპყრეს“ ქომაგები და ტრიბუნების ქვემოდ არსებულ სივრცეში ჩაიყვანეს.
მას მერე, რაც აღნიშნული ინციდენტი ამოიწურა, „ფურია როჰას“ ფეხბურთელებმა ვარჯიში დაიწყეს, მაგრამ მისი ბოლომდე მიყვანა მაინც ვერ შეძლეს. „დინამო-არენაზე“ მოულოდნელად დენი გაითიშა და ესპანეთის ნაკრებს სტადიონის დატოვება მოუწია. რადგან პრობლემა უმოკლეს დროში ვერ აღმოიფხვრა, სტუმრების სამწვრთნელო შტაბმა სასტუმროში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
დაეკისრება თუ არა რაიმე სანქციები „დინამო-არენას“ ინციდენტების გამო, ჯერჯერობით უცნობია.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და ესპანეთს შორის 28 მარტს „დინამო-არენაზე“ გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.