ცაგერში სტიქიასთან ბრძოლა გრძელდება: შემოვლითი გზის მოწყობა ვერ ხერხდება

ბოლო დღეებში საქართველოში რამდენიმე მეწყერი ჩამოწვა - მაღალმთიან აჭარასა და მცხეთა-მთიანეთში, ასევე დასავლეთ საქართველოშიც. სტიქიური უბედურებების მიზეზი გადაუღებელი წვიმები გახდა.
Sputnik

თბილისი, 27 მარტი - Sputnik. რაჭა-ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტის ლაილაშის თემის სოფელ ღუს მკვიდრი 10 ოჯახი ამ დრომდე ნაწილობრივ გარესამყაროს მოწყვეტილად რჩება, იუწყება „პირველი არხი“.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობასთან კონტაქტი საურმო გზითაა შესაძლებელი.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, ვიდრე არ გამოიდარებს, შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება.

ცაგერში მეწყრის ჩამოწოლის გამო 10 ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა

რაც შეეხება ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზას, სოფელ ლაჯანასთან, სადაც ორი დღის წინ მეწყერი ჩამოწვა, გადაადგილება აღდგენილია.

მაგრამ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ინტენსიური თოვის გამო შეზღუდვა მოქმედებს - ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ცაგერის მუნიციპალიტეტში ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ხუთი დღის წინ ჩამოწვა. სოფელ ლაჯანასთან ძლიერი წვიმების შედეგად, საავტომობილო გზაზე დიდი მოცულობის მეწყრული მასა ჩამოიშალა, რამაც დააზიანა საავტომობილო გზა და 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.

  • ნაქერალის უღელტეხილი (ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარესა და იმერეთის მხარეებში, ამბროლაურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, რაჭის ქედზე მდებარეობს.