თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა თბილისში მიმდინარე „დიდი სლემის“ სერიის ტურნირის მეორე დღეს სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდნენ ლაშა შავდათუაშვილი, ალეკო მამიაშვილი (ორივე -73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ).
აღსანიშნავია, რომ 21 წლის მამიაშვილისთვის ეს პირველი საპრიზო ადგილია „დიდი სლემის“ ტურნირებზე.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ლაშა შავდათუაშვილმა რუს დენის იარცევს სძლია, ხოლო გრიგალაშვილმა რუსეთის კიდევ ერთ წარმომადგენელს - ალან ხუბეტსოვს აჯობა.
„დიდი სლემის“ ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივშია ექვსი მედალი: ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.
ტურნირის დასკვნით დღეს (28 მარტს) საქართველოს 12 ძიუდოისტი წარადგენს: ავთო ჭრიკიშვილი, იმედა გოგოლაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი ქურდიანი (ყველა -90 კგ), ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, გიორგი ჩიქოვანი ( ყველა -100 კგ), საბა ინანეიშვილი, ონისე ბულაძე, გელა ზაალიშვილი (ყველა +100 კგ) და სოფია სომხიშვილი (+78 კგ).
თბილისში მიმდინარე ტურნირზე მსოფლიოს 80 ქვეყნიდან 464 ძიუდოისტი მონაწილეობს (253 მამაკაცი და 211 ქალი).