CDC-ის ყოფილი უფროსის ვერსია: COVID-19 ჩინურ ლაბორატორიაში გაჩნდა

რედფილდმა აღნიშნა, რომ ნათქვამი მხოლოდ მისი მოსაზრებაა, ხოლო COVID-19-ის წარმოშობის ვერსიების დამტკიცება მეცნიერებს მიუწევთ.
Sputnik

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. კორონავირუსი ჩინურ ლაბორატორიაში გაჩნდა და უჰანში გავრცელება 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყო, მიიჩნევს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ რედფილდი. ამის შესახებ წერს РИА Новости.

„ვვარაუდობ, რომ ამ ვირუსმა გავრცელება დაიწყო უჰანში სადღაც სექტემბერ-ოქტომბერში. ეს ჩემი ვარიანტია, ეს მხოლოდ თვალსაზრისია... მე მაინც ვფიქრობ, რომ, სავარაუდოდ, ამ პათოგენის პლატფორმა უჰანში ლაბორატორიაში შეიქმნა“, - განაცხადა რედფილდმა ტელეარხ CNN-თვის მიცემულ ინტერვიუში.

CDC-ის ყოფილმა უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ ლაბორატორიებში თანამშრომლებზე კვლევის ობიექტის - ვირუსის გადადების შემთვევები იშვიათობას არ წარმოადგენს. მან ასევე განაცხადა, რომ არ სჯერა ვერსიის, თითქოს კორონავირუსი ადამიანს ღამურებმა გადასდეს, რადგან, მისი თქმით, ადამიანის რაიმე ვირუსით ცხოველისგან დაინფიცირებისას დაავადებას მეტი დრო სჭირდება საიმისოდ, რომ ადაპტაცია განიცადოს და ამდენად გადამდები გახდეს.

ჯანმომ კორონავირუსის წარმოშობის ვერსია დაასახელა

რედფილდმა ინტერვიუს დროს არაერთხელ აღნიშნა, რომ ნათქვამი მხოლოდ მისი მოსაზრებაა, ხოლო COVID-19-ის წარმოშობის ვერსიების დამტკიცება მეცნიერებს მიუწევთ. ტელეარხის წამყვანმა აღნიშნა, რომ CDC-ის ყოფილმა დირექტორმა მსგავსი მოსაზრება საჯაროდ პირველად გამოთქვა.

აშშ-ის ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ ამერიკული მხარე განიხილავს ვერსიებს უჰანის ლაბორატორიაში ახალი კორონავირუსის გაჩენის შესახებ და აპირებს დაადგინოს მისი წარმოშობა. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დასჯით დაემუქრა ჩინეთს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ პეკინმა შეგნებულად დაუშვა COVID-19-ის აფეთქება. შემდგომში აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ს გააჩნია მტკიცებულებები იმისა, რომ ჩინეთი მალავდა კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას.

თავის მხრივ, ჩინეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ თავიდანვე იჭერდა ღია და საპასუხისმგებლო პოზიციას კორონავირუსული ინფექციის ეპიდემიასთან დაკავშირებული მონაცემების გამოქვეყნებისას.

ჯანმოს საერთაშორისო ჯგუფი 14 იანვრიდან თითქმის ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ჩინეთში და ჩინელ სპეციალისტებთან ერთად ატარებდა კვლევებს COVID-19-ის წარმოშობის დასადგენად. ჯანმოს ექსპერტებმა მოინახულეს უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, მათ შორის მაქსიმალურად იზოლირებული ლაბორატორია BSL-4, რომელსაც უკავშირდება ვერსიები ვირუსის „გაჟონვისა“ თუ COVID-19-ის შესაძლო ხელოვნური წარმოშობის შესახებ. მათ ასევე დაათვალიერეს ზღვის პროდუქტების ბაზარი „ჰუანანი“, აგრეთვე დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი.

„ძალზე იშვიათი შემთხვევა“ – ჯანმო ქართველი მედდის გარდაცვალებას ეხმაურება >>

ექსპერტებმა თებერვალში ჩაატარეს პრესკონფერენცია, სადაც უჰანში მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგები შეაჯამეს. მათი თქმით, ამ დროისათვის უცნობია, რა როლი შეასრულა ვირუსის გავრცელებაში უჰანში არსებულმა ზღვის პროდუქტების ბაზარმა „ჰუანანმა“, ასევე ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნიეს COVID-19-ის პირდაპირი მოხვედრა აღნიშნულ ბაზარზე ღამურებიდან. მათ ივარაუდეს, რომ არსებობდა შუალედური გადამტანი. ჯანმოს ექსპერტები მომავალში აღნიშნული ჰიპოთეზის შესწავლას აპირებენ. მათ განაცხადეს, რომ ადამიანის ვირუსით ინფიცირება ლაბორატორიაში მომხდარი გაჟონვის გამო ნაკლებსავარაუდოა.