პოლიტიკური კულტურის კიდევ ერთი დემონსტრირება: ხელისუფლება მზადაა ოპოზიციასთან დიალოგისთვის

მმართველ პარტიაში აღნიშნეს, რომ არ განიხილავენ მოლაპარაკებებს, როგოც ოპოზიციასთან დაპირისპირების მოგების შანსს.
Sputnik

თბილისი, 27 მარტი – Sputnik.  საქართველოს ხელისუფლება მზადაა „გამოავლინოს პოლიტიკური კულტურა“ და მიუჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდას მიუხედავად იმისა, რომ მისთვის მიუღებელია ვადამდელი არჩევნების საკითხი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელმა ანრი ოხანაშვილმა.

ქართული ოპოზიციის ნაწილი მზად არის გარკვეული პირობებით პარლამენტში შევიდეს

ამაღამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ჩამოდის. ეს ბრიუსელის მხრიდან უკვე მეორე მცდელობაა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ქუჩიდან პარლამენტში დააბრუნოს.

„კითხვის ნიშნები არჩევნებთან მიმართებით არ არსებობს და ვერც დაისმება - მიუხედავად ამისა, მზად ვართ, დიალოგისთვის. ვაცნობიერებთ, რომ ეს არის პოლიტიკური კულტურის კიდევ ერთი დემონსტრირება ჩვენი პარტნიორების წინაშე, რომ შევძლოთ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ მმართველი პარტია არ განიხილავს მოლაპარაკებებს, როგორც ოპოზიციასთან დაპირისპირების მოგების შანსს.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვინმემ რამე უნდა დათმოს და ამით ვინმემ მოიგოს. ამ პროცესში ჩვენ პატივი უნდა ვცეთ საერთაშორისო პარტნიორებს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მმართველი პარტიის სხვა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები იქნება დამოკიდებული ოპოზიციაზე.

მცდელობა №2: საქართველოში კრისტიან დანიელსონს ელოდებიან

„ყველა საკითხზე, რაც განსახილველად დევს მოლაპარაკების მაგიდასთან, არსებობს ან უკვე გადადგმული ნაბიჯები, ან გვაქვს კომპრომისული წინადადებები და ასევე, გვაქვს საკითხის გადაწყვეტის გზები, რომელზეც იყო საუბარი, მათ შორის, მოლაპარაკებათა მაგიდასთან. შესაბამისად, თუ ოპოზიციის მხრიდან გადმოდგმული იქნება რაიმე სახის კონსტრუქციული ნაბიჯი, ჩვენ უკვე შევძლებთ მოლაპარაკების შედეგიანად დამთავრებას“, - განაცხადა მდინარაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებით იხელმძღვანელებს.

„უნდა ვსაუბრობდეთ ქვეყნის ინტერესზე და ქვეყნის ინტერესია, ამ რთული გამოწვევების ფონზე მივაღწიოთ შეთანხმებას, რათა ერთად გავაგრძელოთ მუშაობა და არა ასე დესტრუქციულ რეჟიმში, როგორც პანდემიისგან მიყენებული ზიანის, ეკონომიკური ზიანის აღმოფხვრაზე, ასევე სხვა საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის“, - განაცხადა მდინარაძემ.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე გავლენის მოხდენას, მაგრამ ჯერ უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ხუთი თვის შემდეგ ოპოზიცია კვლავ უარს ამბობს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობაზე და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ხელისუფლება კი ამ საკითხს „წითელ ხაზად“ მიიჩნევს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე სხვა საკითხებზე კონცენტრირებას სთავაზობს.