თალაკვაძე: არჩევნებისა და მელიას გათავისუფლების საკითხები არ გადაიხედება

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ფარგლებში არც რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და არც ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხს არ განიხილავს, განაცხადა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში. 

სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

შეკითხვაზე, მივა თუ არა მმართველი გუნდი შეცვლილი პოზიციებით იმ შეხვედრებზე, რომლებიც კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან განახლდება, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა უპასუხა, რომ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მათი პოზიცია უცვლელია. ხელისუფლება არ აპირებს საკუთარი მხარდამჭერების არჩევანი უგულებელყოს და ოპოზიციის უსაფუძვლო მოთხოვნას დაეთანხმოს, დასძინა თალაკვაძემ.

„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ზურგი შევაქციოთ ჩვენი მოქალაქეებისა და მხარდამჭერების გადაწყვეტილებას იმ არჩევნებში, რომელშიც გავიმარჯვეთ. ჩვენ არ განვიხილავთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ამ მოლაპარაკებებში, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, ვინაიდან ამის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა თალაკვაძემ. 

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ოპოზიციას კონსტრუქციული წინადადება შესთავაზა – 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რომლის მუშაობაში ჩართვაზე ოპოზიციის დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა. საგამოძიებო კომისიის შექმნა ერთ-ერთი პირობა იყო, რომელიც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ოპოზიციას მისცა. უმრავლესობამ პირობა დადო – შეასრულოს ოპოზიციის მოთხოვნა და დანიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, თუ ხმების დათვლაში ცდომილება თუნდაც 1%-ს შეადგენს. 

უნდობლობის ვოტუმი, ანუ რას აპირებს ოპოზიცია

„ჩვენ მათ შევთავაზეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, რათა ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გასცემოდა. თუ იქნებოდა შედეგების სისტემური გაყალბების ნიშნები, მხოლოდ მაშინ განვიხილავდით მათ მოთხოვნას. მათ ამაზე უარი თქვეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალიური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას, თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი რჩება პრინციპულ პოზიციაზე, რომ მელიას გათავისუფლება მის მიერ გირაოს გადახდის გზით უნდა მოხდეს.

„ნიკა მელიას დაპირისპირება სახელმწიფოსთან და კანონებთან პოლიტიკური აქტი იყო. მან განაცხადა, რომ არ გადაიხდიდა გირაოს და ვერც დააპატიმრებდნენ. თუმცა, მართლმსაჯულებამ და სახელმწიფომ შეახსენა ნიკა მელიას, რომ ამ ქვეყანაში კანონიც არსებობს და მართლმსაჯულებაც, რომელთან მიმართებით ყველა თანაბარია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას პროკურატურა 2019 წლის ზაფხულში საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი 23 თებერვალს დააკავეს, მას შემდეგ, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. 

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ნამდვილი მიზეზი: რატომ შევიდა ჩიხში მოლაპარაკებები
 

ნიკა მელიას დაკავებამ საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამწვავების საფუძველი გახდა.

ქართულმა ოპოზიციამ საპროტესტო მოძრაობის გააქტიურება დააანონსა, მათ შორის ერთ-ერთი თბილისში 15 მაისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური აქცია იქნება.

საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მხარეებს შორის შუამავლობის მისიით ქვეყანაში 12 მარტს ჩამოვიდა. „ორდღიანი ვიზიტი“ საბოლოოდ 19 მარტამდე გაგრძელდა, მაგრამ მისი ინიციატივით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა – ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს, ხელისუფლება კი არ თანხმდება.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგში შუამავლობის გასაგრძელებლად კრისტიან დანიელსონი საქართველოში ამ დღეებში დაბრუნდება.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ საქართველოში სიტუაციაზე ზეგავლენის მოხდენას, მაგრამ უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ უარს აცხადებს შედეგების აღიარებაზე და ახალ არჩევნებს ითხოვს. ხელისუფლება ამ საკითხს „წითელ ხაზს“ უწოდებს და არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. მოლაპარაკების პროცესში იგი ოპოზიციას სხვა საკითხებზე მსჯელობას სთავაზობს.