დათვლილია სუეცის ბლოკირებით მიყენებული ყოველდღიური ზარალი: ანგარიში ათობით მილიარდზეა

ამ დროისათვის არხში დაახლოებით 190-მდე ხომალდია გაჩერებული, მათ შორის, ნავთობმზიდებიც, რის გამოც, ექსპერტების აზრით, ნავთობზე ფასები საგრძნობლად აიწევს.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. სუეცის არხში მეჩეჩზე შემჯდარი გიგანტური კონტეინერმზიდის მიერ ნავიგაციის დაბლოკვის გამო ყოველდღიური ზარალი დაახლოებით 9,6 მილიარდ დოლარს აღწევს, იუწყება სააგენტო Bloomberg.

სუეცის არხში გაჭედილი გიგანტური ხომალდი ნავთობის ფასებს გაზრდის

სააგენტომ ეს მაჩვენებელი იმ ტვირთების საშუალო ღირებულებიდან გამოთვალა, რომელიც ყოველდღიურად გადაიზიდება არხის გავლით. აღინიშნება, რომ სუეცის არხს ჩვეულებრივ ვითარებაში ყოველდღიურად 50 გემი კვეთს.

Bloomberg-ის მონაცემებით, ამ დროისათვის არხში დაახლოებით 190-მდე ხომალდია გაჩერებული, მათ შორის, ნავთობმზიდებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო გზის გახსნას შეიძლება რამდენიმე კვირაც კი დასჭირდეს, რაც არხის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გაჩერება იქნება არაბეთი–ისრაელის 1967 და 1973 წლების ომების შემდეგ.

400-მეტრიანი და 224 ათასი ტონა წყალწყვის გემი Ever Given 23 მარტს შეჯდა მეჩეჩზე და არხში გარდიგარდმო გაიჭედა. მის ადგილიდან დაძვრას და ნავიგაციის აღდგენას აქამდე უშედეგოდ ცდილობს რვა საბუქსირო ხომალდი. ექსპერტების აზრით, მომხდარში უპირველესად გემის კაპიტანია დამნაშავე. მათივე განმარტებით, ათობით ნავთობმზიდის გაჩერებამ შესაძლოა ნავთობზე ფასები 10%-ით და მეტით გაზარდოს.

სუეცის არხი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზაა, რომელიც აზიასა და ახლო აღმოსავლეთს უმოკლესი გზით აკავშირებს ევროპასა და ამერიკასთან. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის სააგენტოს დათვლით, სუეცის არხზე გამავალ მატრშრუტზე მსოფლიოს ნავთობგადაზიდვების 10% და გათხევადებული ბუნებრივი აირის გადაზიდვების 8% მოდის.