წულუკიანი: მეძახონ ბერია, მაინც დავინტერესდები, რა დგას განსხვავებული აზრის უკან

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, აქვს სურვილი, რომ მოისმინოს ყველა განსხვავებული აზრი და დაინტერესდეს, რა დგას ამ აზრის უკან.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. კულტურის სფეროში არ არსებობს სისტემა, ამიტომ ძვირფას მომღერლებს, მათ შორის ანიტა რაჭველიშვილს მინდა ვუთხრა, რომ თუ არ იარსებებს სამინისტროს აპარატი კვალიფიციური კადრებით, ფულის ხარჯვის სწორი წესი, მაშინ მათ ხელს ვერ შევუწყობთ, განაცხადა საქართველოს კულტურის ახალმა მინისტრმა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა>>

გუშინ ცნობილმა ქართველმა მეცო-სოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა განაცხადა, რომ ქართულ სცენაზე არ გამოვა მანამ, სანამ ქვეყნის კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი იქნება.

„რაც არ უნდა მეძახდნენ ბერიას და ფელიქსას (ლავრენტი ბერია, ფელიქს ძერჟინსკი - რედ.), მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და დავინტერესდები, რა დგას ამ განსხვავებული აზრის მიღმა, ეს არის უბრალოდ ბუზღუნი და უკმაყოფილება, თუ არის განსხვავებული აზრი“, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის განცხადებით, თუ განსხვავებული აზრი მიზნად ისახავს საქმის უკეთ კეთებას, ამას ის მიესალმება და ასეთი ადამიანისთვის მინისტრის კარი ყოველთვის ღია იქნება.

ანიტა რაჭველიშვილი წულუკიანის წინააღმდეგ: ჩემი ფეხი არ იქნება სცენაზე საქართველოში

„დავინტერესდები რა ტიპის განსხვავებული აზრია. თუ ეს არის უბრალოდ ჩემი „ქართული ოცნების“ კუთვნილების გამო ზიზღი და კრიტიკა, ანუ „უფასო" კრიტიკა, რაც ყველას უფლებაა, მე ამას ხელს ვერ შევუშლი“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად 19 მარტს დაინიშნა, ხოლო უფლებამოსილების განხორციელებას 22 მარტიდან შეუდგა.

თეა წულუკიანი წლების განმავლობაში მუშაობდა იუსტიციის მინისტრად. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის პარლამენტის წევრი გახდა და დაინიშნა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ.

წულუკიანი: ვიცი რა უნდა გავაკეთო პირველ რიგში>>

მინისტრად დანიშვნამდე ბოლო დროს პერიოდულად შეხვედრებს მართავდა კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.