თბილისი, 26 მარტი — Sputnik. მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ძველ სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა უწყდება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შესაბამისად, ავტომობილის გადაადგილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იქნება და ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდება.
ამასთან სააგენტოს ინფორმაციით, სერვისცენტრებში ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშნების შეცვლის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა ავტომფლობელებს დისტანციურადაც შეუძლიათ მიიღონ მომსახურება.
„გარდა სერვისცენტრებში ვიზიტისა, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრეებს საშუალება აქვთ, მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, დისტანციურად მოითხოვონ ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარის ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავის ნომერი ან მოცულობა და ა.შ.) არ არის შეცვლილი“, — ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) გადმოწერა „აიფონზე“ APP Store-დან, ხოლო ანდროიდებზე PLAY Store-დანაა შესაძლებელი.
- „გადმოწერის შემდეგ, დაინტერესებული პირი გაივლის რეგისტრაციას, თუკი მანამდე არ ყოფილა მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე დარეგისტრირებული. დისტანციური მომსახურების მისაღებად, სააგენტოს მობილურ აპლიკაციაში რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირის მიერ მიეთითება პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი“, — განმარტებულია ინფორმაციაში.
დისტანციურად შეცვლილი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნის მიღება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეკვეთისას მითითებულ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში.
ახალი სანომრე ნიშნების დიზაინის პრეზენტაცია მომსახურების სააგენტომ 2014 წლის მარტში გამართა. მაშინ უწყება სატრანსპორტო საშუალებებზე სანომრე ნიშნების ფორმისა და დიზაინის შეცვლას ევროსტანდარტების მიხედვით შემოდგომიდან გეგმავდა. ძველი სანომრე ნიშნებით სარგებლობის შესაძლებლობა კი ავტომობილების მფლობელებს 2030 წლამდე უნდა ჰქონოდათ, თუმცა შემდეგ ძველი სანომრე ნიშნების მოქმედების ვადა შეიცვალა და თანაც არაერთხელ.