ხორბლის სუბსიდირების მოქმედი მოდელი შესაძლოა სამი თვით გახანგრძლივდეს

საქართველოში პურის ფასის გაზრდის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლება დეკემბრის თვიდან ხორბლის პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. მთავრობას ხორბლის სუბსიდირების მოქმედი მოდელის კიდევ სამი თვით გახანგრძლივების საკითხს წარვუდგენთ, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პურის მწარმოებლებთან და ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან გამართულ შეხვედრაზე.

საქართველოს მთავრობა ცდილობს, არ დაუშვას პურის გაძვირება>>

სამინიტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილებას ხორბლის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რომლის მოქმედების ვადაც მარტის ბოლოს იწურება, საქართველოს მთავრობა უახლოეს დღეებში მიიღებს.

საქართველოს ამჟამად ხორბლის სამი თვის მარაგი აქვს

პურის მწარმოებლები აცხადებენ, რომ ხელისუფლების პოლიტიკიდან გამომდინარე და ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის შედეგად, რეგიონის მასშტაბით საქართველოში პური ყველაზე იაფად იყიდება.

„საქართველოში 500 გრამი თეთრი ფქვილისგან დამზადებული პური 0.34 აშშ დოლარი ღირს, მაშინ, როცა ხორბლის ძირითად მწარმოებელ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა, პურის ფასი 0.48 აშშ დოლარსა და 0.51 აშშ დოლარს შეადგენს, სომხეთში 0.46 აშშ დოლარი, თურქეთში კი – 0.35 აშშ დოლარია“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეუნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

საქართველოში პურის გაძვირების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ ხორბლის პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო.

სუბსიდიის გარეშე პურის ფასი ვერ შენარჩუნდება: პურის მცხობელთა ასოციაცია>>

სუბსიდირების პროგრამა დეკემბერში დაიწყო და ის გათვლილია 4 თვეზე. წისქვილკომბინატებისთვის დაწესებულია ფიქსირებული ფასი – 53 ლარი პირველი ხარისხის ფქვილის 50 კგ-იან ტომარაზე. იმ წისქვილკომბინატებისთვის, რომლებიც პურის ქარხნებს პირველი კატეგორიის ფქვილის ერთ ტომარას 53 ლარად მიჰყიდიან, მთავრობამ თავდაპირველად დააწესა სუბსიდია – 10 ლარი ერთ ტომარა ფქვილზე, რაც შემდეგ 15 ლარამდე გაზარდა.