ტოჩინოშინის მორიგი გამარჯვება - ქართველი დადებითი ბალანსისთვის იბრძვის

იაპონიის დედაქალაქში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე ლევან გორგაძემ დაძაბულ ბრძოლაში იაპონელ ტაკარაფუჯის აჯობა, ქართველის შემდეგი მეტოქე კი კირიბაიამა იქნება.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. ტოკიოში მიმდინარე მარტის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა.

ტოჩინოშინმა წაგებების სერიის შემდეგ მოგება იზეიმა

ლევანმა, რომელიც მარტის ბაშოზე მე-7 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, სუპერტურნირის მე–12 დღეს ურთულეს ორთაბრძოლაში ტაკარაფუჯის მოუგო. სუმოისტებს შორის შერკინებამ წუთზე მეტხანს გასტანა, რაც ამ სპორტში საკმაოდ იშვიათია. ლევან გორგაძემ იაპონელი მეტოქე დოჰიოს მიღმა გადაიყვანა და მარტის ბაშოზე მეხუთედ იმარჯვა.

ტოჩინოშინის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე ხუთი გამარჯვება და შვიდი მარცხია. ლევანს აღნიშნულ ბაშოზე კიდევ სამი შეხვედრის ჩატარება მოუწევს, დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად კი მას სამივე ორთაბრძოლის მოგება მართებს.

ჰარუ ბაშოს მე-13 დღეს ქართველი სუმოისტის მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა კირიბაიამა იქნება, რომელსაც ლევანი ურთიერთშეხვედრებში 2:1-ს უგებს.