როგორ მოხდება დეპუტატების არჩევა? პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 5%–დან 3%–მდე დაიწევს
Sputnik

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ოპოზიციურ პარტია „მოქალაქეებთან“ ერთად კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე. 

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ნამდვილი მიზეზი: რატომ შევიდა ჩიხში მოლაპარაკებები

კონსტიტუციაში ცვლილებები შეიძლება დეპუტატთა უმრავლესობის მიერ იყოს ინიცირებული, თუმცა, მათი მიღებისთვის 113 დეპუტატის ხმაა საჭირო, რომელიც ამ ეტაპზე პარლამენტში არ არის.

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 5%–დან 3%–მდე დაიწევს. გარდა ამისა, პარლამენტში ფრაქციის შექმნას 7–ის ნაცვლად, 4 დეპუტატი შეძლებს. ამასთან, პაპუაშვილმა არ გამორიცხა, რომ ბარიერი ცვლილებებზე მუშაობის დროს გადაიხედება.

 „ცვლილებების განხილვისთვის კომისია შეიქმნება, სადაც მოხდება ყველა საკითხის, მათ შორის, ბარიერის შესაძლო დაწევის საკითხის განხილვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ინიციატივა მხოლოდ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გავრცელდება, 2028 წელს კი ბარიერი კვლავ 5% იქნება.

ამასთან, პაპუაშვილს გაუჭირდა  პასუხის გაცემა კითხვაზე თუ როგორ მოხდება ცვლილებების მიღება. დღეისთვის პარლამენტში სულ 96 დეპუტატია, დანარჩენი ოპოზიციური პარტიები უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.

 „ცვლილებების განხორციელებისთვის აცილებელია მინიმუმ კიდევ 17 დეპუტატი, რომლებმაც ქვეყნის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიერონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა. 

გახარია პოლიტიკაში ბრუნდება - საქართველოში „მესამე ძალა“ გამოჩნდება?

ოპოზიციაში უკვე აღნიშნეს, რომ ვიდრე არ იქნება შეთანხმება პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, პარლამენტში ისინი არ შევლენ.

 „თუ ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ჩვენთვის პრინციპულია, მაშინ ოპოზიცია პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს. მანამდე ამ საკითხზე საუბარი არ შეიძლება“, – განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

მისი განმარტებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის დაწევამდე მხარეები ჯერ უნდა შეთანხმდნენ საარჩევნო გარემოსა და ახალი პოლიტიკური ვითარების შესახებ.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ საქართველოში სიტუაციაზე ზეგავლენის მოხდენას, მაგრამ უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ უარს აცხადებს შედეგების აღიარებაზე და ახალ არჩევნებს ითხოვს. ხელისუფლება ამ საკითხს „წითელ ხაზს“ უწოდებს და არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. მოლაპარაკების პროცესში იგი ოპოზიციას სხვა საკითხებზე მსჯელობას სთავაზობს.