თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinopharm-ის ვაქცინის შემოტანა აპრილში იქნება შესაძლებელი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება. რაც შეეხება Pfizer-ის ვაქცინას, ის ქვეყანამ დღეს მიიღო, პირველ ეტაპზე პრეპარატის 30 ათასამდე დოზა შემოვიდა. ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა.
გაბუნიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ქვეყანაში Sinopharm-ის და Sinovac-ის შემოტანასთან დაკავშირებით. მისი ინფორმაციით, მეორე კვარტალში იგეგმება COVAX პლატფორმის მეშვეობით Novavax-ის, ხოლო მესამე კვარტალში Johnson & Johnson-ის ვაქცინების შემოტანა.
„Sinopharm-ის ქვეყანაში შემოტანა უკვე აპრილში იქნება შესაძლებელი. ევროპის არაერთი ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი და სერბეთი წარმატებით იყენებენ, მილიონობით ადამიანია აცრილი ამ ვაქცინით. Sinovac-ს იყენებენ ჩვენი მეზობლები, მაგრამ მკაცრ მარეგულირებლებს მისთვის ავტორიზაცია ჯერჯერობით არ გაუციათ“, - განაცხადა გაბუნიამ.
ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, საქართველოში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. თუმცა, დაბალი მიმართვიანობის გამო გადაწყდა, რომ 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვებიან.
ასევე შესაძლებელია, რომ საზოგადოებაში ვაქცინის სანდოობის გაზრდის მიზნით 100 ცნობილი ადამიანი აცრან.
კორონავირუსის ვაქცინისადმი საზოგადოების უნდობლობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ახალციხეში 27 წლის მედდა გარდაიცვალა. ექიმების ვერსიით, აცრიდან 30 წუთში მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
ვაქცინისადმი ნდობის გაზრდის მიზნით ურიგოდ ჩაიტარეს ვაქცინაცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.