ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგა

მეწყრულ ზონაში გზის გაწმენდის სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მობილიზებული იყო ტექნიკა, რომელიც ჯერ ადგილზე დარჩება.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ლაჯანის მონაკვეთზე აქტიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

ცაგერში 10 ოჯახი კვლავ გარე სამყაროსაა მოწყვეტილი: გეოლოგები ალტერნატიულ გზას ეძებენ

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე მეწყრის გამო აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამ დრომდე ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში დარჩება, რათა მეწყერის გააქტიურების შემთხვევაში შესაბამისი ზომები დროულად მიიღონ.

ცაგერის მუნიციპალიტეტში ლაილაში–ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი 23 მარტს ჩამოწვა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებისა და ხანგრძლივი წვიმის გამო გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა ჩამოშალა დიდი მოცულობის მასა, რამაც დააზიანა საავტომობილო გზა და 10 ოჯახი გარე სამყაროს მოსწყვიტა.