პრეზიდენტი: აშშ–ს და ევროკავშირს სტაბილური საქართველო სჭირდებათ

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გახანგრძლივება მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებისთვის არის ხელსაყრელი.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას მოუწოდებს, უპირატესობა მიანიჭონ ქვეყნის და არა ვიწრო პარტიულ ინტერესებს. 

სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს საკითხზე აშშ-ის სენატში გამართული მოსმენა კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკისთვის საქართველოსთან ურთიერთობა და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობა.

23 მარტს აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენა გაიმართა. სენატორებმა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი შეაფასეს.

ზურაბიშვილის განცხადებით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის პროცესში აშშ და ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგანან და მხარდაჭერას უცხადებენ. მათ სტაბილური და უფრო დემოკრატიული საქართველო სჭირდებათ, როგორც ძლიერი და საიმედო პარტნიორი გამოწვევებით სავსე რეგიონში, დასძინა პრეზიდენტმა.

„სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გამოთქმული გარკვეული შენიშვნების მიუხედავად, ამერიკის მთავარი გზავნილი ის არის, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელდება... საქართველოს სჭირდება სტაბილურობა, რომლის მიღწევასაც მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით და ახალი დემოკრატიული რეფორმების გატარებით შევძლებთ“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
ევროპული საბჭოს წარმომადგენელი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად საქართველოში დაბრუნდება

საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მხარეებს შორის შუამავლის მისიით ქვეყანაში 12 მარტს ჩამოვიდა. „ორდღიანი ვიზიტი“ საბოლოოდ 19 მარტამდე გაგრძელდა, მაგრამ მისი ინიციატივით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა – ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს, ხელისუფლება კი არ თანხმდება. გამგზავრების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები იქნებიან მზად კომპრომისისთვის, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგში შუამავლობის გასაგრძელებლად კრისტიან დანიელსონი საქართველოში ამ კვირის ბოლოს დაბრუნდება.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ საქართველოში სიტუაციაზე ზეგავლენის მოხდენას, მაგრამ უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ უარს აცხადებს შედეგების აღიარებაზე და ახალ არჩევნებს ითხოვს. ხელისუფლება ამ საკითხს „წითელ ხაზს“ უწოდებს და არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. მოლაპარაკების პროცესში იგი ოპოზიციას სხვა საკითხებზე მსჯელობას სთავაზობს.