პრემიერ-მინისტრმა ბათუმში „ალიანს ცენტროპოლისის“ კომპლექსის მშენებლობა გახსნა

მშენებლობის პროცესში 2 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო პროექტის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, კომპანია 3 ათასამდე ადგილობრივს დაასაქმებს.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ბათუმში „ალიანს ცენტროპოლისის" კომპლექსის მშენებლობა გახსნის ცერემონია გაიმართა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.

ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად კომპლექსის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.

„ალიანს ჯგუფის" პროექტი „ალიანს ცენტროპოლისი" რეგიონალური ჰაბია, რომელიც გლობალურ ბრენდებს აერთიანებს. რეგიონში პირველი, უმსხვილესი ღონისძიებების ორგანიზატორი ქსელის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის გარდა, პროექტი ასევე მოიცავს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ჰაიატ ცენტრიკს".

„ალიანს ცენტროპოლისი” უნიკალური რეგიონული ჰაბია, რომელიც ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას, ფეხი აუწყონ ბიზნესის განვითარების ტემპს და გახდნენ გლობალური პროექტის ნაწილი“, - ნათქვამია „ალიანს გრუპის“ განცხადებაში.

პროექტში გაერთიანებული იქნება 10 000 კვ. მ სარეკრეაციო ზონა, 1000 ავტომობილზე გათვლილი 3-დონიანი მიწისქვეშა პარკინგი, სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოების უმაღლესი კლასის რესტორნები და კვების ობიექტები, გასართობი ცენტრი, ბოულინგი, კინოთეატრი, სპა- და გამაჯანსაღებელი სივრცეები, ფიტნესცენტრები, საცურაო აუზები და გასართობი ტურისტული სივრცეები.

„ალიანს ცენტროპოლისში" ასევე წარმოდგენილი იქნება აჭარაში პირველი A კლასის სავაჭრო, ბიზნეს- და საგამოფენო ცენტრები და საინვესტიციო აპარტამენტები.

„ალიანს ცენტროპოლისი" ალიანს ჯგუფის მეხუთე მასშტაბური პროექტია. კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, პანდემიის პერიოდში, მსოფლიო სასტუმრო ბრენდი - „ჰაიატ ცენტრიკი" შემოვიდა.

დღეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი  გაიხსნა

„ალიანს ცენტროპოლისის" საინვესტიციო ღირებულება 380 მლნ დოლარია, მშენებლობის პროცესში კი 2 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო პროექტის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, კომპანია 3 ათასამდე ადგილობრივს დაასაქმებს.

შპს „ალიანს+" (Alliance+) 2005 წელს შეიქმნა და მისი პირველივე პროექტი რევოლუციური იყო იმდროინდელი საქართველოსათვის - ბათუმში დაიწყო თანამედროვე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.

2008 წელს რებრენდინგის შედეგად კომპანიამ სხვა სახელით განაგრძო მოღვაწეობა, თუმცა 2015 წლიდან კომპანიამ ისევ ძველი სახელი დაიბრუნა. ამ დროისათვის ის ხუთ მსხვილ პროექტს ახორციელებს ბათუმში, თბილიოსში და გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტზე. ამ პროექტების ერთობლივი ღირებულებაა 595 მილიონი აშშ დოლარია.