მოსაზრებები იყოფა: შეუშლის თუ არა ხელს საპროტესტო აქციები თბილისში მოლაპარაკებების პროცესს

ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ჩავარდნის შემდეგ ოპოზიციამ რეგიონებში მომხრეების მობილიზაციის შესახებ განაცხადა და 15 მაისს თბილისში მასშტაბური აქცია დააანონსა.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ პოლიტიკური კრიზისის მოგვარების მორიგი რაუნდის წინ გააკრიტიკეს ოპოზიციის გეგმები, რომელიც თბილისში მასშტაბურ მიტინგზე რეგიონებიდან თავისი მომხრეების შეკრებით იმუქრება.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ და ურთიერთბრალდებებით დასრულდა>>

„ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქცია აცდენილია იმ დღის წესრიგს, რა დღის წესრიგიც საქართველოშია მნიშვნელოვანი. ეს არის მოლაპარაკებები და დიალოგი, რომლის საბოლოო მიზანი ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ყველა დონეზე, ყველა ქვეყანაში და ყველა ფორმატში აღნიშნეს. უნდა მოხდეს პარლამენტში მათი შესვლა, საპარლამენტო ცხოვრების გაშლა“, – განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ირაკლი ქადაგიშვილმა.

შევლენ თუ არა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები: რა ხდება ქართულ პოლიტიკაში

ოპოზიციამ განაცხადა, რომ თბილისის ცენტრში 15 მაისს მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავალმა კრისტიან დანიელსონმა ვერ მოახერხა კრიზისის გადაჭრა და საქართველო დატოვა. მალე დანიელსონი ისევ ჩამოვა ქვეყანაში ახალი მოლაპარაკებების ორგანიზების მიზნით.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციებში მოლაპარაკებებისთვის ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავენ.

„აქცია დაანონსდა, როდესაც ჩავარდა მოლაპარაკების წინა რაუნდი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს პერიოდი გამოვიყენოთ რეგიონებში სასიარულოდ და აქციის მოსამზადებლად. თუ მანამდე შეთანხმება იქნება მიღწეული, მაშინ შეგვიძლია გეგმები შევცვალოთ, მაგრამ ისე აქციები იქნება, ვიდრე „ქართული ოცნება“ გონს არ მოეგება და ამ დათმობებზე არ წამოვა“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ.

ოპოზიციამ მასშტაბური საპროტესტო აქცია და რეგიონებში გასვლები დააანონსა>>

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს მათ შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. ხელისუფლება განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.