მტკვარზე წარმოქმნილი კუნძულიდან მაშველებმა ოთხი მწყემსი ნაპირზე გამოიყვანეს

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მწყემსების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. მაშველებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან, მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე ჩარჩენილი ექვსიდან ოთხი მწყემსი გამოიყვანეს, იუწყება ქართული მედია. 

უამინდობის გამო გორთან მტკვარზე ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე 6 მწყემსი ჩარჩა

მაშველებმა მწყემსები მდინარე მტკვრის მეორე ნაპირზე გაიყვანეს, ისინი თავს კარგად გრძნობენ.ამ დროისთვის ხელოვნურ კურნძულზე ორი მწყემსი პირუტყვთან ერთად რჩება. მაშველებმა მათ საჭირო ნივთები, მათ შორის კარვები მიაწოდეს.

სავარაუდოდ, წყლის დონე მდინარეში 2–3 დღეში დაიწევს. მწყემსების თქმით, დილით, როდესაც ცხვარი საძოვარზე გაიყვანეს, წყლის დონე დაბალი იყო. თუმცა, ტერიტორიის დატოვება მდინარის ადიდების გამო ვეღარ შეძლეს.

ადგილზე მაშველები რჩებიან, გრძელდება წყლის დონის მონიტორინგი.