პედაგოგობა 1981 წელს, 28 წლის ასაკში დაიწყო. კერძო სკოლა „სადუნში" 2002 წლიდან მუშაობს და მოსწავლეებს ყველაზე ზუსტ მეცნიერებას ასწავლის.
- ქალბატონო ლეილა, თავად როგორი მოსწავლე იყავით და რომელი საგნის მასწავლებელთან გქონდათ განსაკუთრებული დამოკიდებულება?
- ძალიან მიყვარს სკოლის პერიოდი გახსენება, ბედნიერი ბავშვობა მქონდა. სწავლა მიყვარდა და წარჩინებული მოსწავლე ვიყავი. ყველა საგანს პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარდა მათემატიკა და ქართული ენა. ეს პირველ რიგში, მასწავლებლის დამსახურებაა. ჩემი საყვარელი მასწავლებელი, ქართული ენა-ლიტერატურის პედაგოგი, ვალია ქვრივიშვილი იყო და გამორჩეული დამოკიდებულებაც სწორედ მასთან მქონდა.
- თქვენთვის რა არის მათემატიკა, რომელსაც ლოგიკური აზროვნება და პრაგმატული დამოკიდებულება უყვარს?
- მათემატიკა მნიშვნელოვანი მეცნიერებაა, მას რიცხვების გრამატიკასაც უწოდებენ. ნათქვამია, თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ დიდ ცხოვრებაში აუცილებლად უნდა დაეუფლოთ მათემატიკასო. რაც შემეხება მე, ბავშვობიდან ვიყავი შრომისმოყვარე და ბევრს ვმუშაობდი. ყველაფერში კი ხელს ლოგიკური აზროვნება მიწყობდა. დღეს ვფიქრობ, პროფესიულ არჩევანში არ შევმცდარვარ. მათემატიკა გონების განვითარებას უწყობს ხელს და ლოგიკური აზროვნების უნარს უვითარებს ბავშვს, რაც აუცილებლად გამოადგება მომავალ ცხოვრებაში.
-გაიხსენეთ თქვენი პირველი გაკვეთილი- როგორ ჩატარდა ის და კმაყოფილი თუ დარჩით თქვენი „დებიუტით“?
- პედაგოგობა 1981 წელს, 166-ე საშუალო სკოლაში დავიწყე. მაშინ 28 წლის ვიყავი. მახსოვს, პირველი გაკვეთილი მეცხრე კლასში მქონდა. მანამდე კარგად მოვემზადე, მაგრამ მაინც ვღელავდი. როცა ზარი დაირეკა და გაკვეთილი დაიწყო, უცებ მეგონა, რომ არაფერი ვიცოდი. თითქოს მათემატიკასთან ერთად ყველაფერი დამავიწყდა. მერე საკუთარი თავი ხელში ავიყვანე და მოსწავლეებს გავეცანი. ღელვა მაშინ მომეხსნა როცა გაკვეთილის ახსნა დავიწყე.
- როგორ შეიძლება, რომ ბავშვებს შეაყვაროთ თქვენი საგანი, ხომ არ გაქვთ საამისო რაიმე საიდუმლო?
- მათემატიკა საკმაოდ რთული საგანია, ის ან იცი ან არა. მთავარია, რომ ბავშვმა თავიდანვე, დაწყებითი კლასიდანვე შეიყვაროს ის. ყველა ბავშვისთვის ერთნაირად ვიხარჯები და ვშრომობ, მაგრამ თუ აღმოჩნდება კლასში რამდენიმე განსხვავებულად ძლიერი, მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლე, მათთან მუშაობა ჩემთვის განსაკუთრებული სიამოვნება და ბედნიერებაა. გარდა მათემატიკის სწავლისა, პედაგოგმა ბავშვს სიყვარული და სითბო უნდა აჩუქოს. როგორც წესი, ბავშვები ადამიანის ყველაზე კარგი და ობიექტური შემფასებლები არიან.
-კერძო სკოლის პედაგოგობა რითი განსხვავდება საჯარო სკოლის მასწავლებლისგან?
- მე კერძო სკოლაში ვმუშაობ. ნებისმიერი პედაგოგისთვის სკოლაში მუშაობა საკმაოდ რთულია, როგორც კერძო ისე საჯარო სკოლაში. თუმცა კერძო სკოლის კლასებში ბავშვთა რაოდენობა ნაკლებია და შესაბამისად, პედაგოგს შეუძლია უფრო მეტად და ხარისხიანად შეასრულოს თავისი მოვალეობა.
- ვიცი, რომ სერტიფიკატი გადმოგეცათ...
- ეს სერტიფიკატი შარშან მივიღე. წარმატებით ვიყავი ჩართული ონლაინ სწავლებაში და გაკვეთილებზე სხვადასხვა სახის ტესტებს ვიყენებდი. მიხარია, რომ ყოველი ჩვენი ინოვაცია და ზოგადად შრომა ფასდება ხოლმე.
- როგორი არ უნდა იყოს მასწავლებელი?
- პედაგოგს გარდა ცოდნისა, აუცილებლად უნდა ჰქონდეს შინაგანი უნარი, რომ გრძნობდეს რა დროს როგორ მოექცეს ბავშვს, როდის დაუყვავოს, როგორ მოეფეროს ან უსაყვედუროს. სამაგალითო ადამიანი უნდა იყოს. თუკი საჭირო იქნება, ბავშვისთვის ბოდიშის მოხდაც უნდა შეძლო. თუ საგანს ვერ ასწავლის, როგორც მინიმუმ, კარგი ჩვევებით მაინც უნდა დაამახსოვროს მოსწავლეს თავი.
- რა გსურთ, რომ თქვენგან ისწავლონ?
- მეგობრობა, ერთგულება, თავმდაბლობა, ადამიანობა... მე დღემდე ვაგრძელებ ჩემი სადამრიგებლო კლასის ბავშვებთან ურთიერთობას, ისინი დღეს უკვე ზრდასრული ადამიანები არიან, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის ბავშვებად დარჩებიან და ასე მოვიხსენებ...
- ვიცი, რომ ძალიან ამაყობთ ხოლმე თქვენი აღზრდილებით...
- ვამაყობ იმიტომ, რომ ჩემი ყოფილი მოსწავლეები დღეს სხვადასხვა სფეროში წარმატებით საქმიანობენ. რამდენიმეს გავიხსენებ: ცნობილი ქართველი დიზაინერი-ზვიად ციკოლია, დიზაინერი- გიორგი ნადირაძე, პედაგოგები-ნათია ბეჟიტაძე და ლელა ძნელაძე, ჩემი მოსწავლე იყო ნაადრევად გარდაცვლილი კობა დავითაშვილი, ვამაყობ სერგო და ბორის კობალავებით. ყველას ვერ ჩამოვთვლი, რადგან ბევრნი არიან. თამამად ვიტყვი, რომ დღესაც ისეთივე ენთუზიაზმით და ერთგულად ვემსახურები ჩემს პროფესიას, როგორც მაშინ, 40 წლის წინ, როცა ეს საქმიანობა დავიწყე...