გამყრელიძე: ლუგარის ლაბორატორია გარდაცვლილი ექთნის სისხლის ნიმუშს იკვლევს

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის“ მუხლით დაიწყო.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. ლუგარის ლაბორატორიაში 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის სისხლის ნიმუშის კვლევა რამდენიმე მეთოდოლოგიით მიმდინარეობს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები კლინიკა „იმედის“ ინვენტარის დათვალიერებას მოითხოვენ

27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შედეგად გარდაიცვალა. მას ვაქცინაცია ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ ჩაუტარდა.  წინასწარი ინფორმაციით, ექთანს  ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. გარდაცვლილის ოჯახი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზების დადგენას მოითხოვს. მათი თქმით, ვაქცინაციამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადოდ შემოწმება არ მომხდარა.

გამყრელიძის განმარტებით, ის კვლევებთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას, თუმცა მას ჯერჯერობით ვერ გაასაჯაროებს.

„გარკვეული ინფორმაციები მაქვს, მაგრამ დღეს ამას ვერ გავაჟღერებ. ყველაფერში ძალიან დარწმუნებულები უნდა ვიყოთ. ერთსა და იმავე მონაცემზე კვლევა მომდინარეობს 3-4 მეთოდოლოგიით", - აღნიშნა მან.

გუშინ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. კერძოდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გამოთხოვილი სამედიცინო მონაცემების მიხედვით, 27 წლის ექთანს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. თუმცა კორონავირუსზე ჩატარებული PCR ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.

გარდაცვლილი ექთნის ოჯახს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა

მეგი ბაქრაძეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო იგი ჯერ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.