ადვოკატი გოგი წულაიაზე: თავს ძალიან ცუდად გრძნობს, შესაძლოა კომაში ჩავარდეს

სასამართლომ პოლიტიკოს გოგი წულაიას ძალადობის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებულს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია უკვე მე-7 დღეა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს, ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ბრალდებულის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 მარტს გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა. პოლიციამ გოგი წულაია დაზარალებულის ჩვენებების საფუძველზე 17 მარტს დააკავა. გამოძიების ვერსიით, წულაიამ თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში თავის ნაცნობ 42 წლის ქალზე იძალადა.

გოგი წულაიას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

წულაიას ადვოკატის განცხადებით, პოლიტიკოსი თავს ცუდად გრძნობს და არსებობს საშიშროება, რომ კომაში ჩავარდეს.

„მას აქვს დიაბეტი, ასევე ცოტა ხნის წინ გაიკეთა გულის შუნტირება. ყველაფერი გავაკეთე მის გადასარწმუნებლად, მაგრამ უშედეგოდ. ვესაუბრე მის მეუღლესაც, რომ იქნებ მათ მიაწვდინონ ხმა და სცადონ გადარწმუნება“, - განაცხადა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა.

თავად წულაია, რომელიც ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხმაურიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, ძალადობის ფაქტს უარყოფს და მიიჩნევს, რომ პროვოკაცია მოუწყვეს, რაც მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება.

თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა მოგვიანებით წულაიას ბრალი დაუმძიმდა და მას ბრალდება სსკ-ის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც „ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას“ გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.