უამინდობის გამო გუდაურს, ფასანაურსა და მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში მოსული უხვი ნალექი ზოგიერთ რეგიონში სერიოზულ პრობლემებს ქმნის.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. დაბა გუდაურს, ფასანაურსა და მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დაზიანების გამო. ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის დავით ნოზაძის განცხადებით, პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ.

ფერდობის ჩამოშლის გამო გუდამაყრის 22-ვე სოფელი გარე სამყაროს მოწყდა

„უხვი ნალექისა და ყინვის გამო დაზიანდა მაღალი ძაბვის 110-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, რის შედეგადაც ელექტროენერგია არ მიეწოდება დაბა გუდაურს, ფასანაურსა და მიმდებარე სოფლებს – ჭართალს, ხანდოს ხეობას, გუდამაყარს. დილის ექვსი საათიდან ჯგუფები მუშაობენ და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამას გარდა, უამინდობის და უხვი ნალექის გამო გუშინ კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა დუშეთის რაიონის გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, რის შედეგადაც გარე სამყაროს მოსწყდა 22 სოფელი.