რა მოხდება, თუ ქვეყანამ ვაქცინა ეფექტურად ვერ აითვისა: გაბუნიას განმარტება

კორონავირუსის ვაქცინისადმი საზოგადოების უნდობლობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ 27 წლის მედდა გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის დოზების ათვისება ეფექტურად არ მოხდა, COVAX-პლატფორმიდან ვაქცინის მომდევნო მოწოდებაზე კითხვის ნიშნები დაისმება.

ცერცვაძე: ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას – მასობრივი ვაქცინაცია ვერ ხერხდება

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინის დოზები, რომელსაც ქვეყანა COVAX-პლატფორმიდან მიიღებს, იყოს სრულად და ეფექტურად ათვისებული.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება. დღეიდან კი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთ ვაქცინას – Pfizer-ს ელოდებიან. 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ ახალციხელი მედდის გარდაცვალებამ საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი რთული გამოწვევის წინაშე დააყენა. აღნიშნულმა ფაქტმა მოსახლეობაში ვაქცინის მიმართ უნდობლობა და შეშფოთება გამოიწვია.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, საწყის ეტაპზე იმუნიზაციას მედპერსონალი (54 ათასი ადამიანი) ექვემდებარება (დღეის მონაცემებით სულ აცრილია 4.048  ადამიანი), თუმცა მედიკოსების მხრიდან დაბალი მიმართვიანობის გამო, გეგმაში გარკვეული ცვლილებები შევიდა.

ლადო კახაძე AstraZeneca-ს ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

კერძოდ,  25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვებიან. ასევე შესაძლებელია, რომ საზოგადოებაში ვაქცინის სანდოობის გაზრდის მიზნით, ასი ცნობილი ადამიანი აცრან. ამ მიზნით პირდაპირ ეთერში ჩაიტარეს ვაქცინაცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღეს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემაც განაცხადა, რომ ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რადგან მასობრივ ვაქცინაციას ვერ ახორციელებს და არ გამორიცხა, რომ პასიურობის შემთხვევაში, შესაძლოა, ვაქცინაციის პროცესი საყოველთაო გახდეს.