პარტია „მოქალაქეები“ პენსიონერების საბანკო პროცენტებისგან დაცვას გეგმავს

საქართველოში 2020 წლის ბოლოსთვის რეგისტრირებულია 783.700 პენსიონერი, რომელთაგან 71% ქალია, 29% მამაკაცი.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები პენსიონერების დაცვას გეგმავენ.

პარტია „მოქალაქეების“ წევრები საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის საგანგებო სხდომის ჩატარებას და მასზე საქართველოს ეროვნული ბანკის, ჯანდაცვის სამინისტროსა და Liberty Bank-ის წარმომადგენლების მოწვევას მოითხოვენ, სადაც განხილვის თემა პენსიონერებისთვის პენსიის წინასწარ აღებაზე დაწესებული პროცენტი იქნება.

„Liberty Bank-თან ხელშეკრულება 2014 წელს გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულების ვადა 2019 წელს ამოიწურა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზებით იგი 2020 წლამდე გაგრძელდა. ჩვენ სწორედ ამ საკითხებში გარკვევა გვსურს. როგორც ჩანს, ვიღაც პენსიონერების ხარჯზე ხელს ითბობს”, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე. 

Liberty Bank-მა მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად სახსრები მოიზიდა

დეპუტატის თქმით, ქვეყანაში დაახლოებით 800 ათასი პენსიონერია, მათგან თითქმის ნახევარი იძულებულია პენსია წინასწარ აიღოს და სანაცვლოდ ბანკს 36% გადაუხადოს. არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, აღნიშნული საკითხი უნდა გადაიხედოს, თქვა ელისაშვილმა.

დღეს საქართველოში ხანდაზმულობის პენსია ენიჭებათ 60 წელს გადაცილებულ ქალებს და 65 წელს გადაცილებულ მამაკაცებს. 70 წლამდე პენსიონერები 240 ლარის ოდენობის პენსიას, 70 წელს გადაცილებული პირები კი 275 ლარს იღებენ. სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2,6 მლნ ლარია გამოყოფილი.

Liberty Bank – ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკია 2 მილიარდ ლარზე მეტი მთლიანი აქტივებით და 200 მილიონი ლარის მქონე კაპიტალით. ბანკს გააჩნია ყველაზე მსხვილი საფილიალო ქსელი, რომელიც 360 განყოფილებას და 570 ბანკომატს მოიცავს. ის არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების კუთხით. ბანკში მუშაობს 4600-ზე მეტი თანამშრომელი, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება.