გორთან ხელოვნური კუნძულიდან მწყემსები ვერ გამოჰყავთ - მათ ღამის გათევა კარვებში მოუწევთ

სამაშველო ბრიგადებმა მწყემსებს საჭირო ნივთები და კარვები მიუტანეს. მათ სიცოცხლეს  საფრთხე არ ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან, მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე ჩარჩენილი მწყემსები სამაშველო ჯგუფს ვერ გამოჰყავს, იუწყება „პირველი არხი“.

უამინდობის გამო გორთან მტკვარზე ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე 6 მწყემსი ჩარჩა

სოფელ ქვახვრელთან, ე.წ. კუნძულზე დარჩენილია ექვსი მწყემსი, ცხვრები და საქონელი. მწყემსებს პირუტყვი საძოვარზე ჰყავდათ გაყვანილი და ტერიტორიის დატოვება მდინარის ადიდების გამო ვეღარ შეძლეს. ისინი ღამეს კარავში გაათენებენ, რადგან პირუტყვს უყურადღებოდ ვერ დატოვებენ.

ადგილზე რჩებიან სამაშველო ბრიგადები. მათ ნავით მწყემსებს საჭირო ნივთები, მათ შორის კარვები მიაწოდეს.

მწყემსების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მიმდინარეობს წყლის დონის მონიტორინგი.