თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ მცველს დავით ხოჭოლავას კორონავირუსი დაუდასტურდა, შესაბამისად, ის მომავალ სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს.
ვილი სანიოლის მიერ გაწვრთნილი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. საქართველოს ნაკრებს ექვსი დღის მანძილზე სამი ურთულესი შეხვედრის ჩატარება მოუწევს, პირველ შეხვედრას კი ჩვენი გუნდი 25 მარტს სტუმრად შვედეთის წინააღმდეგ გამართავს.
რაც შეეხება დავით ხოჭოლავას, მას ნაკრებში ბათუმის „დინამოს“ მცველი მამუკა კობახიძე ჩაანაცვლებს, რომელიც გუნდს შვედეთიდან დაბრუნების შემდეგ შეუერთდება და მომავალ მატჩებში მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ნაკრებში ეს უკვე მეორე ცვლილებაა. პირველ შემთხვევაში ტრავმირებული ქართველი შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი ვაკო გვილიამ შეცვალა. საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე ვარჯიში გამართა და ახლა ვარჯიშს უკვე შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში განაგრძობს.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნაკრებს უკვე შეუერთდა ბელგიური „სერენის“ შემტევი გიორგი მიქაუტაძეც, რომელიც ნაკრების მაისურით პირველად გამოვა. 20 წლის ფეხბურთელს საკლუბო დონეზე შესანიშნავი შედეგები აქვს და საკუთარი გუნდის საუკეთესო გოლეადორია.
შვედეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო)
მცველები: გურამ კაშია („ლოკომოტივი“, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე („ტენერიფე“, ესპანეთი), გია გრიგალავა („არსენალი“, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე („უფა“, რუსეთი), ლაშა დვალი („ფერენცვაროში“, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე („ვოლფსბერგი“, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა („ვალენსიენი“, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია („კარტახენა“, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე („ანკარაგუჯუ“, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი („ესბიერგი“, დანია), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია („რუბინი“, ყაზანი, რუსეთი), ლევან შენგელია („კონიასპორი“, კონია, თურქეთი), ვაკო გვილია („ლეგია“, ვარშავა, პოლონეთი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე („სერენი“, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე („უიპეშტი“, ბუდაპეშტი, უნგრეთი)
შვედეთი–საქართველოს მატჩი 25 მარტს სტოკჰოლმში გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. ვილი სანიოლის გუნდი 28 მარტს თბილისში ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 31 მარტს ქალაქ სალონიკიში საბერძნეთის ნაკრებს ესტუმრება.