შსს: „აფრიკის“ დასახლებაში კორპუსის სახურავიდან 15 წლის გოგო გადავარდა

გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით გრძელდება საგამოძიებო, ოპერატიული და საპროცესო ღონისძიებები.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში ცხრასართულიანი კორპუსიდან გადავარდნილი და დაღუპული პირი იდენტიფიცირებულია - ის 15 წლის გოგონა აღმოჩნდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გამომდინარე იქიდან, რომ დაღუპული არასრულწლოვანია, გამოძიებაში სპეციალიზებული გამომძიებლები ჩაერთნენ და გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარმა სამმართველომ განაგრძო.

შემთხვევა გუშინ, 23 მარტს მოხდა. გოგონა კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გარდაცვლილი არასრულწლოვნის ნივთები ამოიღო, კერძოდ, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია მისი ფეხსაცმელები, ხოლო მიმდებარე კორპუსის სახურავიდან - არასრულწლოვნის კუთვნილი ჩანთა.

შემზარავი სტატისტიკა: რამდენმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით 2020 წელს

უწყების ცნობით, ნივთმტკიცების სახით ასევე ამოღებულია გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციის მატარებელი ნივთები. გამოიკითხა ოცამდე მოწმე, მათ შორის გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახის წევრები, თანატოლები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არასრულწლოვანთა გამოკითხვების პროცესში ჩართული არიან სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები და ფსიქოლოგები. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გამოძიებას მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი უწევს.